ახალი ამბები
სახელმწიფო მინისტრი რუხის კლინიკაში აიცრა
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში "სინოფარმით" აიცრა.

მან მოსახლეობას, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

"ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეგისტრაციის გარეშეა ხელმისაწვდომი. კლინიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით არის შესაძლებელი. დღეს მე ავიცერი რუხის კლინიკაში, სადაც აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაიტაროს ვაქცინაცია, გამარტივებული გზით, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. რამდენიმე თვის წინ მე და ჩემი ოჯახის წევრებმა, საბედნიეროდ, მარტივად დავძლიეთ კოვიდინფექცია. თუმცა, ჩვენ გარშემო, თითოეული ჩვენგანის გარშემო, სავარაუდოდ, არსებობენ, არაერთი ძვირფასი ადამიანი, რომელთა სიცოცხლე შეიწირა ვირუსმა, ამიტომ დღეს მე ავიცერი როგორც ჩემი საკუთარი, ასევე ჩემი გარშემომყოფთა უსაფრთხოებისთვის, რაც არის ერთადერთი გზა მსოფლიოში დღესდღეობით, რომ დავიცვათ ერთმანეთი და დავამარცხოთ პანდემია. მინდა მოვუწოდო გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას, ისევე როგორც სრულიად საქართველოს, რომ ავიცრათ ერთმანეთისთვის", - განაცხადა მინისტრმა.