ახალი ამბები
დამუშავდება ის ვერსიაც, ხომ არ არის შესაძლებელი, ამ ყველაფერში ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი - ღარიბაშვილი ფარულ ჩანაწერებზე
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმ ვერსიას, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ამ ყველაფერში ჩართული იყოს გიორგი გახარია ან ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.

მისი თქმით, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს კურირებდა და მას მოსმენების სამსახურთანაც ჰქონდა წვდომა, თუმცა ამ საკითხზე სპეკულაცია არ სურს და ყველა უნდა დაელოდოს გამოძიების შედეგებს.

"ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს კურირებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და წვდომა ჰქონდათ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ინფორმაციასთან და წვდომა ჰქონდათ, მათ შორის, მოსმენების სამსახურთანაც. ამაზე სპეკულირება მე არ მსურს. არ მსურს, რომ წინასწარ დასკვნები გავაკეთო იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი უნდა დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება დაადგენს ეს ფალსიფიკაციაა, ფაბრიკაცია თუ კიდევ სხვა უფრო მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

12 სექტემბერს, მედიასაშუალებებმა მიიღეს ვებსაიტის ბმული, სადაც განთავსებული იყო სასულიერო პირების შესახებ ფაილები, ვიდეო, ფოტი და აუდიოჩანაწერები. მასალები სასულიერო პირების ნაწილის პირად ცხოვრებას ეხება. მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

საქართველოს პროკურატურაში ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი მოუწოდებს მედიასა და პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გამოძიების დასრულებამდე, თავი შეიკავონ არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.