ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ შტაბში დაშავებულ ოპერატორს მრავლობითი დაზიანებები აქვს
ტელეკომპანია "მთავარის" ოპერატორი, ლევან აბლოთია, რომელიც ქარელში, პარტია "ქართული ოცნების" შტაბში ინციდენტისას დაშავდა, თბილისში, "ნიუ-ჰოსპიტალის" კლინიკაში იმყოფება.
ექიმის ინფორმაციით, პაციენტს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს.

"პაციენტი შემოყვანისას არის კონტაქტური, ადეკვატური. აღენიშნება ექსკორეაციები, ტკივილი, მენჯ-ბარძაყის კვლევით, მარცხენა ბარძაყის ძვლის ციბრუტის ხაზოვან მოტეხილობაზე არის საეჭვო რენდგენოლოგიური სურათი, რის გამოც პაციენტი გადაყვანილია დამატებით რენდგენოლოგიურ კვლევებზე. ასევე ჩატარდება გულ-მკერდის კომპიუტერული კვლევა", - განაცხადა ექიმმა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ოპერატორი "ქართული ოცნების" ქარელის ოფისის მეორე სართულის აივნიდან გადმოაგდეს. ამ ინფორმაციას უარყოფენ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო შტაბში და ირწმუნებიან, რომ ოპერატორი აივნიდან არავის გადაუგდია და თავად გადავარდა კიბის მოაჯირიდან.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება - დაიკითხა "მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშია, რომელიც ოპერატორთან ერთად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. ადვოკატის ინფორმაციით, ბექა ყორშიამ გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, გამოძიება კი არასათანადო კვალიფიკაციით არის დაწყებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.