ახალი ამბები
უნდა მივაღწიოთ აფხაზთა და ქართველთა კეთილდღეობას ძლიერ, ევროპულ სახელმწიფოში - შერიგების მინისტრი
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.

"დღევანდელი თარიღი განასახიერებს თითოეული ჩვენგანისთვის უაღრესად მტკივნეულ, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენი აფხაზეთის მკვიდრთა განუზომელი დარდის, ადამიანური ტრაგედიებითა და მსხვერპლით გამოწვეული განუზომელი ტკივილის, ასიათასობით დევნილის განსაცდელის და ჩვენი უამრავი თანამოქალაქის ცრემლიან ისტორიას. დღეს მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების და ყველა იმ მოქალაქის წინაშე, რომელთა ღვაწლი გაწეული ქვეყნის ერთიანობისთვის ყოველთვის გვემახსოვრება. ჩვენ ყველამ ერთად, სწორედ ჩვენი გმირების ქვეყნისთვის თავგანწირვის სულისკვეთებით, დაუღალავი შრომით და გაძლიერებული ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ სამშვიდობო პროცესის განხორციელება, რათა მივაღწიოთ ჩვენი ხალხის გაერთიანებას, აფხაზთა და ქართველთა კეთილდღეობას, საერთო, ძლიერ და ევროპულ სახელმწიფოში", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა.