ახალი ამბები
ზუგდიდში 2 უბნის ხელახლა გადათვლის შემდეგ, პოლიტიკურ სუბიექტებს ხმები დაემატათ
საიას და "გახარია-საქართველოსთვის" მიერ წარმოდგენილი საჩივრები განიხილა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ, რომელიც შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილ დარღვევებს შეეხებოდა. ისინი საარჩევნო უბნების გადათვლას ითხოვდნენ. ეს მოთხოვნა საოლქო კომისიამ დააკმაყოფილა, რაც ხმების რაოდენობაზეც აისახა.

კერძოდ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მე-12 საუბნო საარჩევნო კომისიის მერის საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, მიღებული ხმების რაოდენობაში გადასწორებული იყო "ქართული ოცნების" ხმათა რაოდენობა. 234-ის ნაცვლად 334 ეწერა. საია ითხოვდა ბათილად ცნობას შემაჯამებელი ოქმის. ამასთან, მონაცემთა ხელალა გადათვლას და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას #12-ე საუბნო კომისიის თავმჯდომარის და მდივნისთვის.

12-ე უბნის გადათვლის შემდეგ, გაბათილებული 26 ბიულეტენიდან 4 ხმა, ენმ-ის კანდიდატ ანზორ მელიას დაემატა. თუ მანამდე 296 ხმა ჰქონდა, ახლა 300 აქვს.

ამასთან, საოლქო კომისიამ განიხილა "გახარია-საქართველოსთვის" წარმომადგენლის, ბექა ქაჯაიას საჩივარი, რომლითაც ის 30-ე უბნის ხელახლა გადათვლას ითხოვდა. საჩივრის თანახმად, შემაჯამებელ ოქმში დაფიქსირდა ფაქტობრივი შეცდომა. კერძოდ, მართალია შესწორების ოქმი შედგა, თუმცა ეს შედეგი არ ასახულა შემაჯამებელ ოქმში. ხელახლა გადათვლის შედეგად, თუმცა მანამდე პარტიას ამ უბანზე მხოლოდ 3 ხმა ჰქონდა, 60 დაემატა და უკვე 63 ხმა აქვს.

ამავე უბანზე ბათილი ბიულეტენებიც გადაითვალეს. შედეგად, გახარიას პარტიას ერთი ხმა დაემატა, ენმ-ს ორი, "ოცნებას" 2 და "ლელოს" ერთი.

ჯამში ბათილი იყო 38 ბიულეტენი.