ახალი ამბები
კორპუსის სარდაფი დატბორილია და ცხოვრება საფრთხის ქვეშ გვიწევს - დევნილები
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახლადაშენებულ კორპუსებში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, განსაკუთრებით ყოველი წვიმის შემდეგ, სარდაფი წყლით იტბორება, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებს საფრთხეს უქმნის.

იძულებით გადაადგილებული პირები "ლაივპრესთან" საუბარში ამბობენ, რომ სარდაფში დენის კაბელები და გაზის მილებია გაყვანილი, და თუ წყალი ამ გაყვანილობამდე მიაღწევს, შესაძლოა ამან აფეთქება გამოიწვიოს.

მათივე თქმით, კორპუსის გვერდით დახურული, გაუქმებული სანიაღვრე არხია, სადაც წყალი არ იწრიტება და სარდაფში ჩაედინება. მართალია, ორი დღის წინ ეს წყალი ამოტუმბეს, თუმცა ნელ-ნელა ისევ დაიწყო დაგროვება.

"ტრანსფორმატორამე ცოტა აკლდა წყალს. აქ გაზის მილებია და იმ კაცმა გვითხრა, ამოსატუმბად რომ მოვიდა, აზრზე ხართ რა საშიშროებაში ცხოვრობთო? ამას აფეთქება შეიძლება მოჰყოლოდა. მატორი მოიტანეს და დიდი შლანგით ორი დღე იტუმბებოდა. ახლა იმდენი არ არის, მაგრამ ცოტ-ცოტათი გროვდება", - გვითხრეს კორპუსის მცხოვრებლებმა.

დევნილების ცნობით, იქ ისევ პატარა სანიაღვრე უნდა გაიჭრას და დაგროვილ წყალს უნდა მიეცეს გადინების შესაძლებლობა, რომ სარდაფში არ ჩავიდეს. მათივე ცნობით, ამ პრობლემის წინაშე ზაფხულიდან აღმოჩნდნენ.

ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ საქმის კურში არიან, თუ რა ხდება კორპუსში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესწავლა, რამ გამოიწვია პრობლემა. საბოლოოდ მის აღმოფხვრამდე კი, ეტაპობრივად ამოტუმბვის სამუშაოები გაგრძელდება. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, თუ მერიის დონეზე ვერ გადაიჭრება ეს საკითხი და მუნიციპალური განვითარების ფონდის ჩართულობა გახდება საჭირო, სარდაფის დატბორვის პრობლემას ერთობლივად მოაგვარებენ.