ახალი ამბები
ჟენევაში იგეგმება ირაკლი ბებუას გათავისუფლების და გალის შეხვედრების აღგენის საკითხებზე საუბარი
ჟენევაში მეორე დღეა მიმდინარეობს საერთაშორისო მოლაპარაკებები, სადაც ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ თემებს განიხილავს. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად თბილისის დელეგაცია გეგმავს ხაზი გაუსვას გალის ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის აუცილებლობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეები განიხილავენ ყველა იმ საკითხს, რომელიც უკავშირდება რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებს. ოფიციალური ინფორმაციითვე, მწვავედ დაისმება რუსეთის მიერ ანექსიის პროცესის გააქტიურების საკითხი, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ოკუპირებული აფხაზეთის მონაკვეთის "დელიმიტაცია-დემარკაციისა" და სოფელ აიბღას ნაწილის მიერთების კუთხით მოსკოვის უკანონო მცდელობები, აგრეთვე "ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ "პროგრამის" იმპლემენტაციის თვალსაზრისით გააქტიურებული ნაბიჯები.

"საქართველოს დელეგაცია დააყენებს ირაკლი ბებუასა და საქართველოს სხვა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს, ასევე განხილული იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მწვავე ჰუმანიტარული მდგომარეობა. ადგილზე გახშირებული პროვოკაციების ფონზე, ხაზი გაესმება გალის ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPღM) შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის აუცილებლობას", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

12-13 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი იმართება. მოლაპარაკებები იმართება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის, ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთო-ს თანათავმჯდომარეობითა და აშშ-ის მონაწილეობით.