ახალი ამბები
თბილისი აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ჩამოსვლის გეგმას, ისტორიულ ვიზიტად აფასებს
პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის დაანონსების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს ვიზიტით ეწვევა, რასაც ისტორიულ ვიზიტად აფასებს.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და თანამშრომლობის მაღალ დონეს, საერთო ღირებულებებზე დამყარებული პარტნიორობის განსამტკიცებლად.

"ხაზგასასმელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნად ლოიდ ოსტინის დანიშვნის შემდეგ, მის მიერ ერთ-ერთი პირველი სატელეფონო ზარი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შედგა, სადაც ბატონმა ოსტინმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან, როგორც გამორჩეულ და საიმედო სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას და გამოხატა მეტი ჩართულობის და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა.

საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში და ხელს შეუწყობს სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტზე განცხადება მისმა პრესმდივანმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე გააკეთა. მინისტრი საქართველოს გარდა უკრაინასა და რუმინეთს ეწვევა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ვიზიტს ბრიუსელში დაასრულებს, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოებიდან მისი კოლეგების შეხვედრა გაიმართება.