ახალი ამბები
მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს სამშობლოში თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა - მეუფე გრიგოლი
ვფიქრობთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საკუთარ სამშობლოში თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა, და ეს, უწინარეს ყოვლისა, სჭირდება არა მას, მიხეილ სააკაშვილს, არამედ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების სამომავლო ინტერესებს, - ამის შესახებ ფოთი და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი აცხადებს.

ეპისკოპოსს იმედი აქვს, რომ ხელისუფლება ყველაფერს მოიმოქმედებ საიმისოდ, ქვეყნისთვის დამაზიანებელი შედეგების გარეშე დაძლეულ იქნა ის სახიფათო ზონა, რომელშიც დღეს საქართველოა და წარსულის მძიმე გამოცდილების გათვალისწინებით წინსვლისკენ განაგრძობენ სვლას.

"საქართველოს მესამე პრეზიდენტის საპყრობილეში ყოფნის ყოველი დღე მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს!

ნუთუ ვინმეს მართლა სჯერა, რომ დასავლეთი შეთქმულებას აწყობს საქართველოს წინააღმდეგ და ჩრდილოელმა მეზობელმა უნდა "გვიხსნას" ამ შეთქმულებისგან?!

მოცემულ ვითარებაში შეცდომები ძალზე მძიმე შედეგს მოიტანს და ჩვენ ვერ მოვახერხებთ ვერც ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას და ვერც მის გამთლიანებასა და გაერთიანებას.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში არის სახლი, სადაც ქვეყნიდან განდევნილი საქართველოდან პირველი პრეზიდენტი მზაკვრულად და ღალატით გამოასალმეს სიცოცხლეს. მანამდე კი სამშობლოდან დევნილმა "უკანონოდ" გადმოლახა სახელმწიფო საზღვარი, ტყე-ტყე უწევდა გზის გაკვლევა და აქ დადგა სწორედ მისი ტრაგიკული აღსასრული; შემდეგ იყო მთაწმიდის სავანე, დატირება.

საკითხავია ვის დასტიროდა გათხრილ საფლავთან ქართული საზოგადოება, საქართველოს პირველ პრეზიდენტს თუ საკუთარ თავს?!", - ნათქვამია ეპისკოპოსის განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მის გასათავისუფლებლად რუსთავის ციხესთან პერიოდულად საპროტესტო აქცია იმართება. ხვალ, 14 ოქტომბერს, თბილისში მასშტაბური შეკრება დაანონსდა, რომელზეც მოქალაქეები სამეგრელოდანაც გაემგზავრებიან.