ახალი ამბები
კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი უკვე მუშაობს - რუხის კლინიკის დირექტორი
რუხის კოვიდ კლინიკის ხელმძღვანელი დავით შონია უარყოფს ინფორმაციას, რომ მათთან კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი ამ დრომდე არ მუშაობს. მისი თქმით, მართალია იყო გარკვეული ტექნიკური პრობლემა, რის გამოც პაციენტებს კატეს აპარატით გამოკვლევებს დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ვერ უტარებდნენ ადგილზე, თუმცა ირწმუნება, რომ მოქალაქეთა დროული დიაგნოსტიკა ამ ხარვეზის გამო არ შეფერხებულა.

მისივე ცნობით, აპარატი უკვე ორი დღეა მწყობრშია.

დავით შონიას მტკიცებით, პაციენტები, რომლებსაც კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოკვლევა სჭირდებოდათ, პროვაიდერ - ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში გადაჰყავდათ და შემდეგ ისევ უკან აბრუნებდნენ. რამდენი ადამიანი გადაიყვანეს "ევექსის" კლინიკაში, გვითხრა, რომ ზუსტად არ ახსოვს, თუმცა განმარტა - ყველა, ვისაც კი ეს სჭირდებოდა.

კოვიდ კლინიკის ხელმძღვანელის განმარტებით, პროტოკოლის თანახმად, აუცილებლობას კომპიუტერული ტომოგრაფიით კვლევა არ წარმოადგენს, თუკი საკმარისია რენტგენოლოგიური გამოკვლევები. ის უარყოფს პაციენტების მიერ "ლაივპრესისთვის" მოწოდებულ ინფორმაციას, რომ ერთ თვეზე მეტი ხნის მანძილზე, მათ რენტგენის კვლევის პასუხებს კატეს გამოკვლევებით მიღებულ პასუხად აცნობდნენ.

დავით შონია პაციენტების მოწოდებულ არც იმ ცნობებს იზიარებს და ეთანხმება, რომ კლინიკას მედიკამენტების დეფიციტი აქვს.

"არცერთზე, მათ შორის არც ძვირადღირებულზე არ შექმნილა დეფიციტი. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შემოაქვს წამლები. წინასწარ ხდება გათვლა, რომ დეფიციტი არ გვქონდეს", - აღნიშნა კლინიკის ხელმძღვანელმა.

მისივე ცნობით, რუხის კოვიდ ცენტრს 30 რეანიმაციული საწოლი აქვს თავისი სასუნთქი აპარატებით, რომელთაგან დღეისთვის ყველა დაკავებულია. დავით შონიას განმარტებით, ამ კუთხით დეფიციტი ჯერ არ შექმნიათ.

მანვე აღნიშნა, რომ ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის პარარელურად, კლინიკაში გაზრდილია პაციენტთა მომართვიანობა.

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოვიდ ცენტრია, პაციენტთა ინფორმაციით, თვეზე მეტია კომპიუტერული ტომოგრაფიის - კატეს აპარატი არ მუშაობს. მათი ცნობით, მოქალაქეებს ამ დრომდე რენტგენის აპარატის დახმარებით აშუქებენ და პასუხებს, როგორც კატეს გამოკვლევის შედეგს, ისე აცნობენ.

ამასთან, პაციენტების თქმით, საავადმყოფოში მედიკამენტების დეფიციტიცაა.