ახალი ამბები
გადაადგილება უჭირს - ანა წითლიძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მისი სიტყვებით, ყოფილ პრეზიდენტს ვიზუალურადაც ეტყობა, რომ არის გამხდარი, ფერმკთალი და შენელებული, გადაადგილებაც უჭირს. მიუხედავად ამ მდგომარეობისა, დეპუტატი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ გეგმავს.

ანა წითლიძის თქმითვე, თავისუფლების მოედანზე გამართული აქციისთვის მიხეილ სააკაშვილმა მხარდაჭერებს მადლობა გადაუხადა და მობილიზაციისკენ მოუწოდა, რადგან მეორე ტურზე გადის ყველაზე მთავარი - დაწყებული გამარჯვების ბოლომდე მიყვანა.

"ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბევრი არ მალაპარაკა და მითხრა რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ქვეყანა არის გადასარჩენი და ახლა მთავარია, ეს დაწყებული გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ. ცოტას საუბრობს თავის ჯანმრთელობაზე. შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, როდესაც ვკითხე ეს არის საკითხი, რაზეც არ უნდა საერთოდ ისაუბროს, ამაზე მყარი გადაწყვეტილება აქვს მიღებული და ახლა მთავარია ქვეყნის გადარჩენა. ელოდება, რომ მის პირად ექიმს მიცემენ უფლებას როგორმე შევიდეს მასთან", - განაცხადა წითლიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის #12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

პროკურატურის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.