ახალი ამბები
მავიწროებენ და გათავისუფლებით მემუქრებიან - ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომელი
ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომელი, ექსკურსიამძღოლი ელზა ზოდელავა ზეწოლასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს ხელოვნების სასახლის დირექტორ გიორგი კალანდიას და ზუგდიდის მუზეუმის მმართველ ანზორ ოყუჯავას. ამბობს, რომ შევიწროება, რაც მუზეუმიდან გათავისუფლების და ხელახლა დაბრუნების შემდეგ დახვდა, ახლაც გრძელდება. მისი თქმით, გუშინ მუზეუმში გიორგი კალანდია იმყოფებოდა, დღეს კი ანზორ ოყუჯავამ დაიბარა თანამშრომლები. ერთ-ერთ მათგანს და მუზეუმის მმართველს შორის იყო გარკვეული უთანხმოება, მან კი საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. ამ ყველაფერმა ანზორ ოყუჯავა გააღიზიანა. ელზა ზოდელავას მტკიცებით, მისი შევიწროება სწორედ გიორგი კალანდიას დავალებით ხდება.

"განსხვავებული აზრი თუ გაქვს და აფიქსირებ, ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს. სულ დაძაბულობაა, წნეხი. იწერენ საუბრებს. უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი. მიუღებელია, თუ როგორც ექცევა გიორგი კლანდია ადამიანებს. სულ მემუქრება, რომ გამათავისუფლებს. მუზეუმი არ უნდა იყოს ერთი ადამიანის შპს", - უთხრა მან ჟურნალისტებს.

მუზეუმის თანამშრომელი ირწმუნება, რომ თანამშრომლებს დირექტორი იბარებს კაბინეტში და ხელის მოწერით ადასტურებინებს, ნამდვილად თქვა თუ არა კონკრეტული სიტყვები ელზა ზოდელავამ. ასეთი ფაქტები, ელზა ზოდელავას თქმით ხშირია, დანარჩენები კი ხმას სამსახურის დაკარგვის შიშით ვერ იღებენ, ამიტომ ჯოხი ყოველთვის მასზე ტყდება. დღეს კი, ირწმუნება, რომ ანზორ ოყუჯავა მას პროკურატურაში ჩივილითაც დაემუქრა.

ბრალდებებს უარყოფს მუზეუმის დირექტორი. მისი განცხადებით, არანაირი მტკიცებულება, რაზეც საუბარია, ელზა ზოდელავას არ აქვს. ამბობს, რომ არც გათავისუფლებით დამუქრებია ვინმეს და არც პროკურატურაში ჩივილით, ერთადერთი, რასაც თანამშრომლებისგან ითხოვს, მუზეუმის შიგანანაწესის, ქცევის კოდექსის დაცვაა. არღვევს თუ არა ელზა ზოდელავა ქცევის ნორმებს, კითხვას ამ ეტაპზე ანზორ ოყუჯავა არ პასუხობს. მისი განმარტებით, ჯერჯერობით არ სურს დეტალების გასაჯაროვება.

"ზოგადად ჩემი პოზიციაა, რომ მას ეს საკითხი საჯაროდ არ უნდა გაეტანა განსახილველად. დაამტკიცოს თავისი სიტყვები. თუ ძალიან უნდა ამ თემის საჯაროდ განხილვა, კი ბატონო. ამ ეტაპზე არ ვაპირებ ამაზე საჯაროდ საუბარს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მასთან პირადად დავჯდები, დაველაპარაკები. რაც გააკეთა, ამაზე მიიღებს დისციპლინარულად იქნება, თუ სიტყვიერად ჩემგან..რაც ევალება, მაქვს საკითხები მასთან განსახილველი. ვიტოვებ უფლებს, მეტი განმარტება მოგცეთ მას შემდეგ, რაც პირადად გავესაუბრები", - უთხრა მუზეუმის დირექტორმა "ლაივპრესს".

რაც შეეხება ბრალდებას, რომ საუბრებს მისი დავალებით უკანონოდ იწერენ, ანზორ ოყუჯავას თქმით, ასეთი რამ მუზეუმში არ ხდება. ერთადერთი, განმარტავს, რომ იწერენ მნიშვნელოვან თათბირებს, ხდება ამ ყველაფერზე ოქმის შედგენა, სტენოგრაფირება, რისი უფლებაც შინაგანაწესით და კანონით აქვს. ჩაწერის შესახებ კი, მისივე მტკიცებით, მუზეუმის ყველა თანამშრომელი, მათ შორის ელზა ზოდელავაც ინფორმირებულია.

"წინასაწარ ვამბობთ, რომ იწერება და ეს მანაც იცის. აქ ინტერპრეტაცია შეუძლებელი ხდება და ამიტომ არ მოსწონს ეს სტანდარტი. პრაქტიკა მე დავნერგე რეკომენდაციების საფუძველზე. დაოქმება ხდება თათბირის და ხელს აწერენ თანმშრომლები. მათ შორის მეც. ელზას უნდა ვკითხო თათბირს დავაოქმებ თუ არა? არ მაქვს უფლება? ექსპონატია გადასატანი, ან დასკვნაა დასადები კოლექტივის მიერ, შეთანხმებაა გასაკეთებელი, ხომ უნდა იყოს ეს დოკუმენტი", - აცხადებს ანზორ ოყუჯავა.

ბრალდებებს არც ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი გიორგი კალანდია იზიარებს. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ელზა ზოდელავას მუზეუმის დირექცია არ მოსწონს. ამბობს, რომ ის ვერ წარმოადგენს ვერანაირ მტკიცებულებას საკუთარი ბრალდებების გასამყარებლად. სანაცვლოდ კი, მათ შეუძლიათ გაასაჯაროვონ თანამშრომლების თუ ადმინისტრაციის მისამართით ბულინგი, შეურაცხყოფები და კონკრეტული ფაქტები, რაც ზოგადად, კანონმორჩილი მოქალაქის ქმედებებს არ შეესაბამება.

გიორგი კალანდიას განცხადებით, როცა ადამიანს ამდენ დირექციასთან, ადამიანთან პრობლემა აქვს, კითხვა უნდა დასვას, თავად მასში ხომ არაა პრობლემა.

"ჩვენ მივყვებით ყველაფერს სამართლებრივად. ვართ კანონმორჩილები და მიგვაჩნია, რომ როცა კოლექტივში დავაა, საკითხი უნდა გადაწყდეს სამართლებრივად. შრომითი დავების გადაწყვეტის რამე სხვა გზა ხომ არ არსებობს? ჩვენი მიზანია, ზუგდიდის მუზეუმი გავხადოთ მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული. თავს არ შევიქებ, მაგრამ მეტ-ნაკლებად ამის გამოცდილება მაქვს. ბევრი შეიძლება არა, მაგრამ ქალბატონ ზოდელავაზე ნაკლები კომპეტენცია და მითუმეტეს, სიყვარული ზუგდიდის დადიანების სასახლეებისა, არ გამაჩნია. სანაცვლოდ, ქალბატონ ზოდელავას არ უნდა არანაირი თანამშრომლობა. მას მოსწონს აურზაური, ბუნტი. არ არის დისციპლინის მომხრე - თავის დროზე მოვიდეს, წავიდეს, შესაბამისად იმუშაოს. რამე მტკიცებულება ხომ უნდა წარმოადგინოს, რომ შეურაცხყოფა მომაყენეს, ცუდი სიტყვები მითხრეს. ან იურიდიულად რამე არასწორად დამავალეს. ვერ წარმოადგენს, იმიტომ, რომ ეს მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს", - უთხრა გიორგი კალანდიამ "ლაივპრესს".

მისი თქმით, მუზეუმს საკმაოდ დიდი კოლექტივი ჰყავს და მათგან ვერცერთი დაადასტურებს ელზა ზოდელავას სიტყვებს, რომ შეურაცხყოფას აყენებენ ან რაიმე ტიპის ზეწოლაა მასზე.

ელზა ზოდელავა მუზეუმის წინა მმართველს, ლილი ბერაიასაც უპირისპირდებოდა და ამ ყველაფერზე ღიად საუბარს არ ერიდებოდა. მაშინ ის გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი სამსახურში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დაბრუნდა.