ახალი ამბები
ზუგდიდში სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
სამეგრელოში მცხოვრებმა მეწარმე ქალებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს პაჩაკუჩა (PechaKucha) ფორმატის ფარგლებში. მსოფლიოში პოპულარული პლატფორმა პაჩაკუჩა, რომელიც არაფორმალურ გამოსვლებს აერთიანებს, ზუგდიდში პირველად ჩატარდა. შეხვედრა სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

ღონისძიებაში მონაწილეობა ექვსმა მეწარმემ: მაია მიქავამ, ციცინო შენგელიამ, ნათია ღურწკაიამ, ეკატერინე ფარულავამ, ნინიკო შარიამ და მალვინა კოტუამ მიიღეს. ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ საკუთარ საქმიანობაში წარმატების მიღწევამდე ბევრ სტერეოტიპთან და სირთულესთან მოუწიათ გამკლავება. მათი თქმით, ქალებს მეტი სიფრთხილე ახასიათებს და ხშირად გაბედულობა აკლიათ, რაც ხელის შემშლელია. წარმატებულმა მეწარმეებმა აღნიშნეს, რომ უმთავრესი საკუთარი თავის რწმენა და მიზნისკენ ურყევი სწრაფვაა საჭირო.

პაჩაკუჩა-ში მონაწილე ქალებმა ბიზნესი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტების მხარდაჭერით დაიწყეს ან განავითარეს და სხვადასხვა ცვლილების ინიციატორებადაც იქცნენ.

პაჩაკუჩა არის პლატფორმა, რომლის დახმარებითაც ინოვატორები, მეწარმეები და ცვლილებების ინიციატორები აუდიტორიას საკუთარ იდეებსა და პროექტებზე უყვებიან. იგი ტოკიოში, 2003 წელს, ახალგაზრდა დიზაინერებმა წამოიწყეს და დღეს უკვე 1200-ზე მეტ ქალაქში იმართება. საქართველოში ამ ფორმატის შეხვედრა 2018 წლიდან ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორია სტარტაპ ბიურო, ერთ-ერთი მხარდამჭერი კი გაეროს ქალთა ორგანიზაცია.