ახალი ამბები
„თავდაცვისა და შეკავების ინიციატივა“ იქნება ცენტრალური, ჩვენი სამხედრო თანამშრომლობისთვის - ლოიდ ოსტინი
აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის მიმართ მტკიცეა, - აცხადებს საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. მან "საქართველოს თავდაცვისა და შეკავების" ახალ ინიციატივაზეც ისაუბრა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე.

"დღეს მაქვს პატივი, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამოვაცხადოთ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების ინიციატივა. ეს ინიციატივა იქნება ცენტრალური ერთი მხრივ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის თანამშრომლობისთვის.

ეს აღნიშნავს მართლაც ახალ, ამაღელვებელ ფაზას ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ უსაფრთხოების თანამშრომლობაში. ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ საქართველოს თავდაცვის პროგრამას და გავაგრძელებთ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას თავდაცვის სექტორში. გავაძლიერებთ შესაძლებლობებს და უნარს, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი შეკავებისა და თავდაცვისთვის. ხელს შევუწყობთ ასევე საქართველოს ნატო-სთან ურთიერთთავსებადობას", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

მისი თქმით, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს უსაფრთხოების ინტერესებს და კვლავ გაამყარებს მომავალში აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობას.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ამბობს, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერა, ხაზს უსვამს შტატების თავდაცვის დეპარტამენტის გრძელვადიან პოლიტიკას, რომ დაეხმაროს საქართველოს, დაიცვას საკუთარი თავი, შეაკავოს აგრესია და წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

"ამავე დროს, საქართველოს მთავრობამ უნდა გააკეთოს მისი ნაწილი დატვირთვისა, რათა გამოიყენოს აშშ-ის მხარდაჭერა, გააძლიეროს საქართველოს დემოკრატია, გაატაროს ფუნდამენტური რეფორმები, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დასავლეთთან მეტად მჭიდროდ დაკავშირებისათვის".

ლოიდ ოსტინმა მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის ძალებს ავღანეთში აშშ-სა და ნატო-ს ძალისხმევისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.