ახალი ამბები
ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია - ლოიდ ოსტინი
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, ვაშლიჯვარში, სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ბაზას ესტუმრა, სადაც ქართულ-ამერიკულ "გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების" მიმდინარეობას გაეცნო.

მანამდე ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთანერთად ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებულ პარტნიორობას თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინს საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მისი შემდგომი გაძლიერების ნათელი და მტკიცე დასტურია. თავის მხრივ, ამერიკელმა კოლეგამ საქართველოს თავდაცვის მინისტრს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა: "მინდოდა, დღეს აქ პირადად ვყოფილიყავი, რადგან შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს, როგორც ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორს. ხოლო ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია".

დღესვე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლოიდ ოსტინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. პრემიერმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს სახით რეგიონში ერთგული მოკავშირე ჰყავს.
თქვენი ვიზიტი აშშ-ის მიერ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მხრივ ძალიან ძლიერი გზავნილია - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პრემიერ-მინისტრს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი საქართველოში ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობის დადასტურებაა.

"ბატონო პრემიერ-მინისტრო, ერთი საკითხი მინდა ნათლად და გარკვევით დავაფიქსირო: ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის მიერ სხვადასხვა მექანიზმებით შავ ზღვაზე გავლენის მოპოვების მცდელობებს. ეს მნიშვნელოვანი რეგიონია და მისი უსაფრთხოება და სტაბილურობა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო ხედვის პრაქტიკული განხორციელებისთვის- ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი საზოგადოების არსებობისთვის.

ამიტომ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. შეერთებული შტატები ერთგულია სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნების იდეისადმი. მიხარია, რომ საქართველოში ვიმყოფები", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა დასრულა საქართველოში ერთდღიანი ვიზიტი. მას დაგეგმილი აქვს ოფციალური შეხვედრები უკრაინასა და რუმინეთში. თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს დაასრულებს ბრიუსელში, სადაც ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების სხდომაა დაგეგმილი.