ახალი ამბები
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სამეგრელოდან 10 ათასი მოქალაქე წავიდა თბილისის აქციაზე
"ქართული ოცნების" შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებაზე მონაწილეობის მისაღებად პარტიის მხარდამჭერები და წევრები სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან თბილისის მიმართულებით დილით ადრე გაემგზავრნენ. მოქალაქეთა დიდი ნაწილი მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით მიემგზავრება, რომელზეც "ქართული ოცნების" და საქართველოს დროშებია გაკრული.

"ქართული ოცნების" წევრის, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თაზო ფაცაციას განცხადებით, მარტო ზუგდიდიდან დედაქალაქის მიმართულებით 5 ათასამდე მოქალაქე მიემგზავრება. საერთო ჯამში სამეგრელოდან კი 10 ათასი.

"საარჩევნო მარათონი პიკს მიუახლოვდა, 30-ში არჩევნებია. ეს არის შემაჯამებელი შეხვედრა "ქართული ოცნების"... ყველა ის ადამიანი, ვისაც თავისუფლება უყვარს მიემართება თბილისში, თავისუფლების მოედანზე ღირსების დასაცავად", - განაცხადა თაზო ფაცაციამ.

მისი სიტყვებითვე, "ქართულმა ოცნებამ" ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 47% მიიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველმა მეორე მოქალაქემ მისცა ამ პარტიას ხმა.

"ეს მონაპოვარი ბოლომდე აუცილებლად მივა. ჩვენ ღირსეულად უნდა მოვიგოთ არჩევნები. არჩევნები უნდა მოვიგოთ ცივილურად, ეს ყველაფერი უნდა ჩატარდეს მშვიდ გარემოში", - განაცხადა თაზო ფაცაციამ, რომელიც ავტოკოლონების გასვლის პროცესს აკვირდებოდა. თავად ამბობს, რომ აქციაზე არ წასულა და ზუგდიდში იმყოფება.

"ქართული ოცნების" მხარდამჭერების შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება 17:00 საათისთვის არის დაგეგმილი თავისუფლების მოედანზე, თუმცა მონაწილეები შეკრებას 15:00 საათიდან დაიწყებენ. როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, შეიკრიბება ათეულობით ათასი მოქალაქე.

დღესვე აქცია აქვს ზუგდიდში "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". აქცია სახელწოდებით "ბრძოლა გამარჯვებისთვის, ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის"მერიის წინ, საღამოს ცხრის ნახევარზეა დაგეგმილი.