ახალი ამბები
აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს - სააკაშვილი
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობაზე უარს აცხადებს. ახალ მიმართვაში, რომელიც მედიას მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა გააცნო, ნათქვამია, რომ მანამდე მთავრობის მიერ დანიშნულ სამედიცინო კონსილიუმთან, ერთადერთი მიზნით თანამშრომლობდა - არჩევნების დღემდე შეენარჩუნებინა მინიმალური შრომისუნარიანობა და აზროვნების უნარი.

"დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას. მადლობელი ვარ კონსილიუმის წევრების და სამწუხაროა, რომ მთავრობამ არ გაითვალისწინა მათი მთავარი რეკომენდაცია. დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს.

მე ჩამოვედი საქართველოში, ვინაიდან ჩავთვალე, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ მიემართებოდა ტოტალიტარიზმისა და ქართველებისგან დაცლისკენ. თუნდაც ამ არჩევნებზე უნდა ვცადოთ ამის შეჩერება და გადავდგათ ნაბიჯი შემობრუნებისკენ. პირველ ტურში ოპოზიციამ მართლაც მიაღწია სერიოზულ წარმატებას და ყველა დიდ ქალაქში მეორე ტურს, ხოლო რამდენიმეში პირველ ადგილზეც გავიდა. შემდეგ ჩვენ გავხდით ძალიან პოზიტიური პროცესის მომსწრე, სრულიად სხვადასხვა ოპოზიციური ძალების გაერთიანებისა. ხვალ არის მეორე ტური და ის გადამწყვეტია ქართული დემოკრატიისთვის, ჩვენი მომავლისა და ჩემი სიცოცხლისთვის. მე მინდა იცოდეთ, რომ ჩემი სიცოცხლის გაგრძელება მთლიანად მიბმულია თქვენს ხვალინდელ გადაწყვეტილებასა და საქართველოს გამარჯვებაზე. დღეს ჩემი შიმშილობა სრული მოცულობით გრძელდება, მაგრამ მაქვს თითოეული თქვენგანის იმედი და ე.ი გამარჯვებული ხვალის იმედი.

გთხოვთ, დღის ბოლომდე და ხვალ დილიდან გადაურეკოთ ყველა ნათესავს, ახლობელს, ვინც არ აპირებდა არჩევნებში მისვლას და გაიყოლოთ თან. ყოველი ადამიანის მონაწილეობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა გთხოვოთ ხვალ საღამოს შეიკრიბოთ ხელახლა საარჩევნო უბნებთან, რათა დავიცვათ ხმები. ივანიშვილს უნდა, რომ საბოლოოდ გაგვტეხოს და დაგვიმორჩილოს, თქვენს ხელშია ახლა საქართველოს ბედიც და ჩემი ბედიც.

მე ღრმად მრწამს გამარჯვების და გამარჯვებასთან ერთად საზოგადოების შერიგების და გამთლიანების; ჭრილობების მოშუშებისა და განსხვავებული შეხედულებების ადამიანების ერთობლივი წინსვლისა და წარმატების. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი", - ნათქვამია მიხელ სააკაშვილის მიმართვაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის #12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მან შიმშილობა დაკავების დღიდან დაიწყო. ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის თავს სუსტად გრძობს და საფრთხე ემუქრება მის სიცოცხლეს. ენმ-ის მხარდამჭერები ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს ქვეყნის მასშტაბით მისი დაკავების დღიდან ატარებენ.

პროკურატურის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.