ახალი ამბები
პენიტენციურმა სამსახურმა დროული მოქმედებით უნდა დაიცვას ექსპრეზიდენტის სიცოცხლე - სახელმწიფო ინსპექტორი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მასში აღნიშნულია მოწოდება,რომ განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის მიმართ თითოეული გადაწყვეტილების მიღებას და ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში შეაფასონ ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკები.

"ერთი მხრივ, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ვალდებულია პატივი სცეს მოშიმშილე პატიმრის სურვილს - უარი თქვას საკვების მიღებაზე, თუმცა მასვე ეკისრება პოზიტიური ვალდებულება ეფექტური და დროული მოქმედების გზით დაიცვას თავისუფლებააღკვეთილი პირის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისუფლებააღკვეთილი პირის შიმშილობის დროს, შესაბამისი ორგანოების ან/და პირთა მხრიდან მიღებულმა არასათანადო ზომებმა, შესაძლებელია წარმოშვას ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირი დროულად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარებით, ყველა გონივრულად შესაძლო სამედიცინო გამოკვლევითა და მკურნალობით. საპატიმრო დაწესებულებებში გაწეული სამედიცინო მკურნალობა უნდა იყოს იმ დონის შესაბამისი, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადად მოსახლეობისათვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავისუფლებააღკვეთილი ყველა პირი უნდა მოთავსდეს ციხის დაწესებულებების გარეთ არსებულ საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებაში. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, პატიმრის ჯეროვანი მკურნალობისათვის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე გაუმართლებელმა უარმა, შესაძლოა წარმოშვას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საფრთხეები. თავისუფლებააღკვეთილი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფაქტი, ცალკე აღებული, ცხადია არ არის საკმარისი საპატიმრო დაწესებულებაში გაწეული მკურნალობის არაეფექტიანად შესაფასებლად, თუმცა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრმა გაუარესებამ შესაძლოა გააჩინოს ეჭვი დაწესებულებაში გაწეული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობასთან დაკავშირებით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია დაცული იყოს მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მისი პერსონალური, განსაკუთრებით კი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები.

ამავე განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, აუცილებელია დაცული იყოს ბალანსი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებასა და პირის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას შორის.

კანონმდებლობის თანახმად, პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალების გასაჯაროება და მესამე პირთათვის გამჟღავნება დასაშვებია თავად ამ პირის (მონაცემთა სუბიექტის) თანხმობით. ამ შემთხვევაშიც, ინფორმაციის გასაჯაროება უნდა მოხდეს მინიმალური მოცულობით, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნით.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს, 36-ე დღეა შიმშილობს. თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლები პერიოდულად მინიშნების შემცველ განცხადებებს აკეთებენ, რომ ექპრეზიდენტი სინამდვილეში არ შიმშილობს.