ახალი ამბები
ამ მონასტერში განდგომილება დასრულდა - ჭყონდიდის მიტროპოლიტი
საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ისაუბრა  ბოლო ორი დღის მანძილზე ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე. მისი თქმით, კვლავ აღდგა ეკლესიის ძალმოსილება და ერთობლივად ატარებენ წირვას ისე, როგორც საჭიროა. მეუფე სტეფანეს განცხადებით, მონასტერში განდგომილება დასრულდა და არც არასდროს არ აღდგება, რადგან ეკლესიას ვერავინ ვერ მოერევა. მათ შორის ვერ მოერევიან ვერც "თვითნებურად შემოჭრილი ადამიანები, ვერც ადამიანები, რომლებიც იყვნენ და ცხოვრობდნენ და განუდგნენ ღმერთს და განუდგნენ უფალს".

"ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს არის ბრძოლა სიწმინდისთვის. ეს არის ბრძოლა თავისი უგუნურობით ფაქტიურად ეკლესიის წინააღმდეგ და უფლის წინააღმდეგ. ამიტომ, ეს ყველაფერი დიდი მოთმინებით, უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის და მთლიანად, ეკლესიის დიდი მოთმინებით, ყველა ცდილობდა, რომ ეს ადამიანები არ დაკარგულიყვნენ ეკლესიის წინაშე, თუმცა, მრავალი მოქმედების მიუხედავად, რაც იყო მიმართული იმისკენ, რომ ისინი უფლისკენ მოტრიალებულიყვნენ, წმინდა ეკლესია ეღიარებინათ და სულიწმიდის მადლით მოქმედებები წმინდა სინოდისა მიეღოთ, როგორც სახელმძღვანელო მათი ცხოვრებისა, მოხდა ისე, რომ საპირისპიროდ გააკეთეს ეს ყველაფერი. მათთვის სამწუხაროა და ჩვენთვისაც, რომ ისინი ამ მდგომარეობაში არიან, მაგრამ სასიხარულოა ის, რომ უფალმა მისცა ძალა თავის ეკლესიას, რომ თავისი ძალა გამოეჩინა, არა ფიზიკური ძალა, არამედ სულიერი ძალა, რომლითაც ვითარება განიკურნა.

მათთვისაც, ვინც მადლს და სიხარულს ეწინააღმდეგება, გარკვეული პერიოდის შემდეგ ცხადი გახდება, თუ რა საფრთხის წინაშე იდგა ჩვენი ეკლესია.

განხეთქილება ეკლესიაში არასდროს არ არის ღვთისგან, განხეთქილება ყოველთვის ბოროტისგან ხდება. ვინც ამას ეწინააღმდეგებოდა, თქვენ დაინახეთ არაერთხელ და ვთქვათ, უსამართლოდ ვინც არის დასჯილი - იოანე ოქროპირი, ხომ ვიცით, იოანე ოქროპირი როცა დაისაჯა უსამართლოდ, იმას კი არ დაუწყია ბრძოლა და ომი, ჩხუბი და წყევლა, მან თხოვა მრევლს, რომ არ ყოფილიყვნენ ამბოხებულნი. თვითონ გაიპარა, იმიტომ, რომ შფოთი არ გამოეწვია. დაჯდა იმათთან ერთად, ვინც მის წინააღმდეგ მოქმედებდა, დაემორჩილა ხელისუფლებას და საეკლესიო გამგეობას და წავიდა და გაამართლა იგი უფალმა და ყველამ დაინახა, რომ ის მართალია. ვიცით ჩვენ მაქსიმე აღმსარებელი და კიდევ ბევრი, ვინც საპირისპიროს ფიქრობდა, ის ურჩობაში არ ყოფილა და არ ებრძოდა ასეთი წყევლა-კრულვით და ჩხუბით და აყალმაყალით წმინდა ეკლესიას. ის ემორჩილებოდა გადაწყვეტილებას, თუმცა მე ვამბობ, რომ აქ არაფერი უსამართლო არ ყოფილა. მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ თუ შენ სიწმინდისთვის იბრძვი, როგორ იქცევი და აქედან გამომდინარე ჩანს ყველაფერი.

როცა წყევლი ადამიანებს და უწყევლი მათ შვილებს, და შენ სასულიერო პირობა გინდა, ეს უცნაურია. ეკლესიამ შეიძლება ანათემას გადასცეს ვინმე, მაგრამ ანათემაზე გადაცემა წყევლა არ არის ამ დროს. არის ეკლესიიდან მისი განდევნა. აქ ანათემა არ ყოფილა გამოყენებული და არც წყევლა არ არის, თუნდაც ყოფილიყო ანათემა გამოყენებული. ჩვენს შემთხვევაში უბრალოდ სასულიერო პირობას განვარიდეთ ყველა ის ადამიანი, ვინ ეკლესიას ებრძოდა. მაგრამ როცა ისინი, გინება ცალკე იყოს და წყევლი ადამიანებს, სასულიერო პირი როცა ხარ შენ, შინაგანად თუ გრძნობ თავს სასულიერო პირად, ამ შემთხვევაში შენ არ შეგიძლია, რომ ვინმე დაწყევლო, მისი შვილები დაწყევლო. წყევლა-კრულვა არ არის ეკლესიური წესი, ამიტომ ყველამ იცოდეს, ვინც დაიწყევლება უსამართლოდ, ქრისტეს ჯვრით ყველა გათავისუფლებულია ამ წყევლა-კრულვისგან. ჩვენ ვთხოვეთ უწმინდეს პატრიარქს გუშინ, რომ ყველა იმ ადამიანისთვის ილოცონ, ვინც ჯვრით დაწყევლეს ამ უკეთურებმა და გადავეცით მათი სახელი და გვარები. ჩვენც მოვიხსენიებთ და უწმინდესის პირად ლოცვებში და მის მიერ ჩატარებულ მსახურებებში ეს ხალხი მოიხსენიება. ასე რომ, არავითარი ძალა ამ წყველას არ აქვს. ამ უაზრო მოქმედებების შედეგად, ვითომ სასულიერო პირები, გადაცმულები სასულიერო ფორმაში რაღაცას რომ ამბობენ, ვინმეს ნუ შეეშინდება. უფლის მადლი მოქმედებს და უფალი დაიფარავს", - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.

დღეს ტაძართან განკვეთილი ბერები და მათი მხარდამჭერები არ გამოჩენილან. გუშინ, 6 ნოემბერს მათ თქვეს, რომ პროტესტი უწყვეტ ფორმას მიიღებს.

სალხინოს მონასტრიდან 5 ნოემბერს, დილაადრიან პოლიციის დახმარებით გააძევეს ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ განკვეთილი სასულიერო პირები. 7 მათგანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მანამდე, მათ ჭყონდიდის ეპარქიიდან მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც, როგორც განკვეთილ პირებს, ტაძარი 4 ნოემბრამდე უნდა დაეტოვებინათ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებით, პოლიციის და ჩოხოსნების მხრიდან ძალადობა არ ყოფილა, ძალადობა იყო სწორედ განკვეთილი სასულიერო პირების მხრიდან.

მარტვილში, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთვრობიდან გაათავისუფლა. მეუფე პეტრე ცაავას მხარდამჭერები უარს ამბობენ დაემორჩილონ საპატრიარქოს მიერ მივლენილ ეპისკოპოსს და ითხოვენ საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ის ბრალდებები, რის გამოც ის დაითხოვეს.