ახალი ამბები
სალხინოს მონასტერთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე პირი პოლიციაში გადაიყვანეს
სალხინოს მამათა მონასტერთან რამდენიმე პირს და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ეს ადამიანები ტაძარში შესვლას ითხოვდნენ სალოცავად, როგორც განმარტეს. ისინი მარტვილის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დააკავეს თუ არა ისინი, ადგილზე სამართალდამცველები ამის შესახებ არ საუბრობენ.

დღეს საკვირაო წირვა ჩატარდა ტაძარში, სადაც მრევლი და ჟურნალისტები შეუშვეს. ამდროისთვის მონასტრის ჭიშკარი დაკეტილია. მეუფე სტეფანემ ქადაგებისას თქვა, რომ მონასტეში "განდგომილება დასრულებულია".

განკვეთილმა ბერებმა გუშინ, 6 ნოემბერს განაცხადეს, რომ ისინი მონასტერთან საპროტესტო აქციას პერმამენტულად გამართავენ. ისინი ტაძარში შესვლის უფლებას ითხოვენ და არ ეთანხმებიან კელიებიდან მათ გამოძევებას. მათ თქმით, ისინი ძალადობრივი გზით გამოყარეს, რასაც ჭყონდიდის მიტროპოლიტი უარყოფს და ამბობს, რომ ძალადობა სწორედ განკვეთილი სასულიერო პირების მხრიდან იყო.

სალხინოს მონასტრიდან 5 ნოემბერს, დილაადრიან პოლიციის დახმარებით გააძევეს ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ განკვეთილი სასულიერო პირები. 7 მათგანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მანამდე, მათ ჭყონდიდის ეპარქიიდან მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც, როგორც განკვეთილ პირებს, ტაძარი 4 ნოემბრამდე უნდა დაეტოვებინათ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებით, პოლიციის და ჩოხოსნების მხრიდან ძალადობა არ ყოფილა, ძალადობა იყო სწორედ განკვეთილი სასულიერო პირების მხრიდან.

მარტვილში, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთვრობიდან გაათავისუფლა. მეუფე პეტრე ცაავას მხარდამჭერები უარს ამბობენ დაემორჩილონ საპატრიარქოს მიერ მივლენილ ეპისკოპოსს და ითხოვენ საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ის ბრალდებები, რის გამოც ის დაითხოვეს.