ახალი ამბები
მარტვილის პოლიციაში კიდევ ორი პირი გადაიყვანეს
სალხინოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციის განყოფილებაში კიდევ ორი პირი გადაიყვანეს. მათგან ერთი განკვეთილი სასულიერო პირი მამა მარკოზია. დაპირისპირება მოჰყვა განკვეთილი სასულიერო პირების გამოჩენას. ისინი ეკითხებოდნენ სამართალდამცველებს, რატომ გადაიყვანეს პოლიციაში ახალგაზრდები და რატომ არ მისცეს მათ ტაძარში შესვლის უფლება.

მამა ათინოგენის განცხადებით, დღეს ქვეყანაში საბჭოთა კავშირი მყარდება, სადაც არ არსებობს ეკლესიური და ქრისტიანული თავისუფლება.

"დღეს სახელმწიფომ და ეკლესიამ გადაწყვიტეს ადამიანის თავისუფლების ხელყოფა. ადამიანი, რომელიც ქრისტიანია და ამბობს, რომ მე ქრისტეში ვარ თავისუფალი და ამხელს რეჟიმს. ეს პოლიციელებიც წმენდენ გზას იმისთვის, რომ აღსრულდეს საბჭოთა კავშირის რეჟიმი", - აღნიშნა მან.

მანამდე, პოლიციის განყოფილებაში კიდევ რამდენიმე პირი გადაიყვანეს. ისინი ტაძარში შესვლას ითხოვდნენ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

განკვეთილი ბერების თქმით, ისინი აქ ყოველ დღე შეიკრიბებიან და გამართავენ საპროტესტო აქციას, რადგან არ ეთანხმებიან კელიებიდან მათ გამოძევებას.
სალხინოს მონასტრიდან 5 ნოემბერს, დილაადრიან პოლიციის დახმარებით გააძევეს ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ განკვეთილი სასულიერო პირები. 7 მათგანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

მანამდე, მათ ჭყონდიდის ეპარქიიდან მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც, როგორც განკვეთილ პირებს, ტაძარი 4 ნოემბრამდე უნდა დაეტოვებინათ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებით, პოლიციის და ჩოხოსნების მხრიდან ძალადობა არ ყოფილა, ძალადობა იყო სწორედ განკვეთილი სასულიერო პირების მხრიდან.

მარტვილში, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთვრობიდან გაათავისუფლა. მეუფე პეტრე ცაავას მხარდამჭერები უარს ამბობენ დაემორჩილონ საპატრიარქოს მიერ მივლენილ ეპისკოპოსს და ითხოვენ საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ის ბრალდებები, რის გამოც ის დაითხოვეს.