ახალი ამბები
გაიმარჯვა დამსახურებულად - ირაკლი ღარიბაშვილი წალენჯიხის ოპოზიციონერ მერზე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარმატებას უსურვებს ახლადარჩეულ მერებს, მათ შორის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი ხარჩილვას. ის ერთადერთი ოპოზიციური მერია ქვეყნის მასშტაბით. მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი მზად არიან მასთან თანამშრომლობისთვის და წალენჯიხისთვისაც იმდენივეს გააკეთებს, რასაც დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის.

"მე მინდა წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს. ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატია, რომელმაც გაიმარჯვა დამსახურებულად არჩევნებში და მინდა განვუცხადო მას, რომ ჩვენ, მთელი ცენტრალური მთავრობა ვიქნებით მზად, რომ ვითანამშრომლოთ მასთან კონსტრუქციულ რეჟიმი. და მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხისთვის და მათი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა მუნიციპალიტეტებისთვის. ჩემმა ნათქვამმა საარჩევნო კამპანიის დროს გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ მე მინდა დავაზუსტო დღეს, რომ რა თქმა უნდა ჩვენ, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციურ მერთანაც", - განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში გამართული წინასაარჩევნო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ რომელიმე მუნიციპალიტეტში ოპოზიციურმა კანდიდატმა რომც გაიმარჯვოს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს და "ნაბიჯს ვერ გადადგამს".

მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. მათგან მხოლოდ წალენჯიხაში მოიპოვა "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა.

გიორგი ხარჩილავას 51,107% აქვს, გოგა გულორდავას 48,893%.

არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა ახლადარჩეულ მერს მისმა კონკურენტმა მმართველი პარტიიდან, გოგა გულორდავამაც.