ახალი ამბები
განკვეთილი მღვდელმსახურების შევიწროება სისტემური დევნის ფორმას იღებს -„სამართლიანობის ცენტრი“
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ეხმიანება ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონის უზენაესობისა და სოციალური მშვიდობის განუხრელი დაცვისკენ მოუწოდებს.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრში"
აცხადებენ, რომ შეისწავლეს 5-7 ნოემბერს მარტვილის რამდენიმე მონასტერში განვითარებული მოვლენები და დაკვირვებამ აჩვენა, რომ განკვეთილი სასულიერო პირები სალხინოს მონასტერში მათი საცხოვრებელი სივრცეებიდან საპატრიარქომ, ძალადობრივი ჯგუფების გამოყენებით, სათანადო პროცედურების გარეშე გამოასახლა და ამ პროცესში პოლიციამ დემონსტრაციულად უგულებელყო კანონისა და უსაფრთხოების დაცვის მაღალი ინტერესები. როგორც ცენტრში აცხადებენ, პოლიციამ ნაცვლად იმისა, რომ გამოსახლების პროცესის კანონიერება შეემოწმებინა და იძულების ქვეშ მყოფი სასულიერო პირების უსაფრთხოება და იურიდიული ინტერესები დაეცვა, მათი ნაწილი თვითნებურად დააკავა და რამდენიმე საათის განმავლობაში ამის განმარტებებიც კი არ მისცა.

"სამწუხაროდ, პოლიციამ უკანონო გამოსახლების შეკავება და ამ პროცესში სათანადო სამართლებრივი პროცედურების დაცვა ასევე არ უზრუნველყო. პოლიციის მხრიდან ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესების დროს გამოვლენილი აშკარა ლოიალობა ადგილობრივი ეპისკოპოსისა და საპატრიარქოს მიმართ, რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევას წარმოადგენს და ის საბოლოოდ სამსახურეობრივი გულგრილობისა და უფლებამოსილების გადამეტების ფორმას იღებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ამ სენსიტიურ პროცესში პოლიცია ივიწყებს სოციალური მშვიდობის დაცვის მაღალ საჯარო ინტერესს და მიმხრობილი პოზიციონირების გამო, ვერ ახერხებს ადგილზე მრევლის წევრებს შორის შექმნილი დაძაბულობისა და კონფლიქტების ეფექტიან პრევენციას და მართვას", - აცხადებენ "სოციალური სამართლიანობის ცენტრში".

აქედან გამომდინარე ცენტრი მიმართავს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭყონდიდში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, განკვეთილი სასულიერო პირების დევნის ფაქტებზე მოახდინოს ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება და ამ პროცესში განუხრელად დაიცვას კანონის უზენაესობისა და სახელმწიფოს რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპები;

უწყების მენეჯმენტმა გაითვალისწინოს ადგილობრივი პოლიციის წინაშე მდგარი სირთულეები და მიიღოს ადეკვატური ინსტიტუციური ზომები პოლიციის მხრიდან ეპარქიაში შექმნილი კონფლიქტების ეფექტიანი პრევენციისა და მართვისთვის;

საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება 5-7 ნოემბერს მიმდინარე მოვლენების დროს დევნისა და სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტებზე;

საქართველოს საპატრიარქოს, რომ გაიაზროს ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესების მძიმე სოციალური შედეგები მრევლისთვის და მთლიანად ადგილობრივი საზოგადოებისთვის და მიიღოს ყველა ზომა ეპარქიაში არსებული კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის;

დაიცვას ბერებისა და მონაზვნების სოციალური ინტერესები და უსაფრთხოება ამ პროცესში.

ცენტრის ცნობითვე, წარდგენილ სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში, განკვეთილი სასულიერო პირების სახელის სახელით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი დასაბუთებული განცხადებით მიმართავს პროკურატურას და სამსახურეობრივი გულგრილობის, ასევე თვითნებობის ფაქტებზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

სალხინოს მონასტრიდან 5 ნოემბერს, დილაადრიან პოლიციის დახმარებით გააძევეს ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ განკვეთილი სასულიერო პირები.

მანამდე, მათ ჭყონდიდის ეპარქიიდან მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც, როგორც განკვეთილ პირებს, ტაძარი 4 ნოემბრამდე უნდა დაეტოვებინათ

მარტვილში, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთვრობიდან გაათავისუფლა. მეუფე პეტრე ცაავას მხარდამჭერები უარს ამბობენ დაემორჩილონ საპატრიარქოს მიერ მივლენილ ეპისკოპოსს და ითხოვენ საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ის ბრალდებები, რის გამოც ის დაითხოვეს.