ახალი ამბები
როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ! - გიორგი გახარია
როცა შენს "მტერს" ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ! დამარცხებული - საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან!, - წერს სოციალურ ქსელში საქათველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გიორგი გახარია. ის გამოეხმაურა პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებს, სადაც ჩანს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის №18 დაწესებულებაში იძულებით შეყვანა და მისი საკანში განთავსება.

კადრები დღეს, 11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა ისევ "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" ახსნა და გაასაჯაროვა.

ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება, პატივი სცენ ადამიანის ღირსებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მისი დაკავების დღიდან, უკვე ორმოცდამეორე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მისი მხარდამჭერები აქციებს ქვეყნის მასშტაბით მისი დაკავების დღიდან ატარებენ.

პროკურატურის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.