ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე დასწრების შეზღუდვა უკანონოა - DRI
იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება, მიხეილ სააკაშვილს შეუზღუდოს სასამართლო სხდომებში მონაწილეობის უფლება, უკანონოა, - აცხადებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი.

ორგანიზაციის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე დასწრება, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლიდან გამომდინარე, საქმის სამართლიანი განხილვის უფლების განუყოფელი ნაწილია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, ყველას აქვს მისი საქმის საჯაროდ განხილვის უფლება და ამავე სასამართლოს ადამიანის პრეცედენტული სამართლის მიხედვით, დანაშაულში ბრალდებულის სასამართლო სხდომის დარბაზში დასწრების უფლების უზრუნველყოფა მე-6 მუხლის ერთ-ერთ არსებით მოთხოვნად ითვლება. ამას გარდა, სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტია ბრალდებულის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს მოწმეებს მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს.
.
არასამთავრობოს შეფასებით, სპეციალური პენიტენციური დაწესებულების არგუმენტები სხდომებში დისტანციურად მონაწილეობასთან დაკავშირებით, არათუ არ შეესაბამება სხდომის დისტანციურად ჩატარების საკანონმდებლო მოთხოვნებს, არამედ ამ საფუძვლით ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასამართლო სხდომაზე დასწრების შეზღუდვას საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს.

"სასამართლო სხდომების დისტანციურად გამართვის შესაძლებლობას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3325 მუხლი "2022 წლის 1 იანვრამდე სასამართლო სხდომის გამართვის დროებით წესი" არეგულირებს. აღნიშნული მუხლი საქართველოს კანონმდებლობაში პანდემიით გამოწვეულ ვითარებაში გაჩნდა და როგორც დროებითი ღონისძიება, მიზნად ისახავს კოვიდ-19 ვირუსის გავრცელების პრევენციას. სხდომებზე ბრალდებულების/მსჯავრდებულების დასწრების გარეშე, თავისთავად სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პრინციპებთან თანხვედრაში არ არის.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის მიხედვით: 1. დისტანციურ რეჟიმში სხდომის გამართვის შესაძლებლობა გათვალისწინებულია არა უსაფრთხოების ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის, არამედ პანდემიით გამოწვეული საფრთხეების შესამცირებლად; 2. გადაწყვეტილებას სხდომის დისტანციურად გამართვის შესახებ იღებს მხოლოდ სასამართლო; 3. სასამართლო სხდომის დისტანციურად ჩატარებისთვის საჭიროა ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანხმობა.

მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი გამოთქვამს მზაობას, მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესებში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ 10, 15 და 16 ნოემბერს, მოუწოდა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებას, მიხეილ სააკაშვილს მიეცეს სასამართლო სხდომაში სრულფასოვნად მონაწილეობის უფლება. იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილის სხდომაზე დასწრებას ითხოვს სასამართლო, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი პენიტენციური სამსახურის უკანონო უარი მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადმოყვანაზე, უწყების პოლიტიზებაზე მეტყველებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, დარჩეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომებზე ფიზიკური დასწრება.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა, დისტანციურად მონაწილეობაზე კი თავად ბრალდებულმა განაცხადა უარი.

მიზეზად კვლავ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაძლო დესტრუქციული მოქმედებები სახელდება.

მიხეილ სააკაშვილი მისი დაკავების დღიდან,48-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მისი მხარდამჭერები აქციებს ქვეყნის მასშტაბით მისი დაკავების დღიდან ატარებენ.