ახალი ამბები
როგორც ჩანს, ცესკო გამიზნულად არ ნიშნავს ახალარჩეული საკრებულოს სხდომებს - TI საქართველო
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მიიჩნევს, რომ შესაძლოა, 2022 წლის ბიუჯეტის "დაჩქარებული წესით" განხილვით მმართველი პარტია ცდილობს, თავი დაიზღვიოს, რადგან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ საკრებულოში პოლიტიკურ ძალთა ისეთი კონფიგურაციაა, საკრებულოს ახალმა შემადგენლობამ, შესაძლოა, ვერ დაამტკიცოს ბიუჯეტი. და თუ საკრებულო 2022 წლის 1 აპრილამდე ვერ მიიღებს ბიუჯეტს, მთავრობა საკრებულოს და მერს ვადამდე შეუწყვეტს უფლებამოსილებას.

მათივე თქმით, როგორც ჩანს, ცესკო გამიზნულად არ ნიშნავს ახალარჩეული საკრებულოს სხდომებს და საკრებულოს მსგავსი პროცესების წარმართვის შესაძლებლობას აძლევს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს გადაწყვეტილება, ახლის უფლებამოსილების ცნობამდე, დაჩქარებული წესით განიხილოს და მიიღოს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი, რამდენიმე პრობლემას შეიცავს:

"ახალარჩეულ საკრებულოში პოლიტიკური ძალების ახალი შემადგენლობა და პროპორციაა. შესაბამისად, ბიუჯეტის საკითხის გარშემო შესაძლო დისკუსია იქნებოდა საშუალება ადგილზე პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობისთვის.

ძველი საკრებულოს ეს ინიციატივა ფაქტიურად პრემიერ მინისტრის იმ განცხადების გაგრძელებაა, სადაც იგი მიუთითებდა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში "ქართული ოცნებაა" და მათ გარეშე ოპოზიცია ადგილობრივ დონეზე "ნაბიჯს ვერ გადადგამდა".

როგორც ჩანს, ცესკო გამიზნულად არ ნიშნავს ახალარჩეული საკრებულოს სხდომებს, საკრებულოს მსგავსი პროცესების წარმართვის შესაძლებლობას აძლევს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

17 ნოემბერს დაპირისპირება იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა სხდომათა დარბაზიდან "ნაციონალური მოძრაობის" ხუთი მოშიმშილე პირი და მათთან ერთად პარტიის ლიდერები. ისინი აპროტესტებდნენ 2022 წლის ბიუჯეტის დაჩქარებული წესით განხილვას. დაპირისპირების ფონზე განიხილა ბიუჯეტის პროექტი ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ".

ოპოზიციის განმარტებით, საკრებულო ცდილობს ახლის შეკრებამდე, სწრაფად მიიღოს მომდევნო წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რადგან ახალი საკრებულოს პირობებში არ აქვს უმრავლესობა და პროექტის ორჯერ ჩავარდნის შემთხვევაში, მერის და საკრებულოს ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ადგილობრივ ხელისუფლებას კი, როგორც ირწმუნებიან, სწორედ ამ პროცესის თავიდან არიდება სურს.


ბრალდებებს მმართველი გუნდი უარყოფს. ირწმუნებიან, რომ ისინი ბიუჯეტს პროექტს განიხილავენ გრაფიკის მიხედვით და სხვა არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარლამენტარი ანა წითლიძე აცხადებს, რომ საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოშიმშილეები მაინც შევლენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალის გამოყენებით გააძევეს და არ მისცემენ "ძირითადად საჯარო მოხელეების სახელფასო ფონდს მორგებული ბიუჯეტის" დამტკიცების უფლებას.