ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი კონტაქტურია - ექიმი რეანიმატოლოგი
პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მიხეილ სააკაშვილი კონტაქტურია, - განაცხადა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსულმა ექიმმა რეანიმატოლოგმა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია.

"იყო სინკოპეს ეპიზოდი. მე დღეს აქ მოვედი იმიტომ, რომ მენახა პაციენტი. ასეთი რამ მოხდა შემთხვევით. მე მოვხვდი აქ შემთხვევით. კონულტაციისთვის მოვედი. თუმცა მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა დასტაბილურდა", - აღნიშნა მან.

ჟურნალისტების კითხვაზე, შემთხვევით ის რომ არ ყოფილიყო დღეს აქ, ვინ გაუწევდა მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო დახმარებას, ექიმის თქმით, პაციეტთან ყოველდღიურ რეჟიმში მორიგეობს რეანიმაციული ბრიგადა და ის მიიღებდა შესაბამის ზომებს.

რამ გამოიწვია გონების დაკარგვა, ექიმ რეანიმატოლოგს ჯერჯერობით ამაზე პასუხი არ აქვს. მისი თქმით, პაციენტი მოითხოვს გამოკვლევებს. უამრავი კვლევაა გაგზავნილი ლაბორატორიაში, პარარელურად კი ინსტრუმენტულ კვლევებსაც ჩაუტარებენ.

თავდაპირველად, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტი ცუდად გახდა, "მოხლეტით დაეცა" და საკაცით გაიყვანეს. მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა.

ამ წუთებში გლდანის ციხესთან მოქალაქეები არიან შეკრებილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

მიხეილ სააკაშვილი 49-ე დღეა შიმშილობს. ის თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.

ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებული იყო ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.

სააკაშვილის გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტის თუ საკრებულოს დეპუტატები თბილისსა და სხვა ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში ამ დრომდე შიმშილობენ.