ახალი ამბები
ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოექეცით - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. მასში აღნიშნულია, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ მოპყრობას ყურადღებით აკვირდებიან.

"მივესალმებით საქართველოს სახალხო დამცველის ზედამხედველობით გაწეულ სამუშაოს დამოუკიდებელი სამედიცინო გუნდის ჩამოყალიბებაში, ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და საპატიმროს საავადმყოფოში სამედიცინო დაწესებულების მდგომარეობის შეფასების მიზნით.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოექცეს, ასევე, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები მის შესაბამის მკურნალობასთან დაკავშირებით. ჩვენ, ასევე, მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილის დასწრება მის ყველა სასამართლო სხდომაზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ბატონ სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც მოიცავს სასამართლო სხდომებზე პირადად დასწრების შესაძლებლობას, თუ კი ის ამას მოითხოვს", - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა ორი დღის წინ გამოაქვეყნა.

ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებული იყო ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. გუშინ საღამოს მან ადვოკატებთან შეხვედრისას გონება დაკარგა. მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა სტაბილური გახდა. ექიმ-რეანიმატოლოგმა კი აღნიშნა, რომ პაციენტი კოტაქტურია, და რომ ეს იყო მცირე ხნით გონების დაკარგვა. მიზეზი კი სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ დადგინდება.