ახალი ამბები
მთავარი ფაქტორი ალბათ, ელენე ხოშტარია იყო - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების ამოსავალი წერტილი იყო კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მანვე აღნიშნა, რომ დღევანდელი შეთავაზების, რაც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე, მთავარი ფაქტორი "ალბათ, ელენე ხოშტარია იყო",

"ელენე ხოშტარია ორ კვირაზე მეტია, შიმშილობს, მას გაუარესებული ჰქონდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, სერიოზული რისკები იყო, ჩვენ აღარ დავაყოვნეთ და მივიღეთ ასეთი რაციონალური და პრაგმატული გადწყვეტილება. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი იყო კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მთავარი ფაქტორი ალბათ, ელენე ხოშტარია იყო, რადგან ყველაზე ხანგრძლივი შიმშილობის ისტორია ჰქონდა ელენე ხოშტარიას, მას ჰქონდა შედარებით გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაყოვნება არ ივარგებდა და ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რის საფუძველზეც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი სიტყვებით, გორის ჰოსპიტალი, ისევე როგორც გლდანის საავადმყოფო, სათანადოდ არის აღჭურვილი და არავითარი საფუძველი იმისა, რომ ვინმემ უარი თქვას გორის ჰოსპიტალში მკურნალობაზე, არაა.

დღეს, 19 ნოემბერს, იუსტიციის მინისტრმა გიორი აბრამიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზდენტ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს, ასევე ხელი არ სეეშალოს მის ჰოსპიტალში გადაყვანის პროცესს და შემდეგ არ გაიმართოს აქციები გორის ჰოსპიტალთან.

მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. გუშინ საღამოს მან ადვოკატებთან შეხვედრისას გონება დაკარგა. მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა სტაბილური გახდა. ექიმ-რეანიმატოლოგმა კი აღნიშნა, რომ პაციენტი კოტაქტურია, და რომ ეს იყო მცირე ხნით გონების დაკარგვა. მიზეზი კი სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ დადგინდება.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა ორი დღის წინ გამოაქვეყნა.

ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებული იყო ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

ომბუდსმენის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მთავრობას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც მოუწოდა.

სააკაშვილის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით ქვეყნის მასშტაებით არაერთი მოქალაქე შიმშილობს. შიმშილობის აქცია პირველად "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დაიწყო. მოგვიანებით მას შეუერთდნენ პარლამენტარები, საკრებულოს წევრები. პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ.