ახალი ამბები
თუ რამის გამოხატვა უნდათ, ლოცვით გამოხატონ, მე არავის ვებრძვი - ჭყონდიდის მიტროპოლიტი
ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებით, ეკლესია სალოცავი ადგილია და არა საპროტესტო აქციების. საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ეპისკოპოსმა თქვა, რომ ტაძარში საპროტესტო შეკრებები ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლაა.

მანვე აღნიშნა, რომ ლოცავს მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც საპროტესტო აქციებით ხვდებიან, რომ სიმშვიდე მოიპოვონ და უფლის გზა ნახონ.

"ახლა რასაც ესენი აკეთებენ, არის უბრალოდ საპროტესტო აქცია. კი, შეიძლება ვინმეს საპროტესტო აქცია მოსწონს თავისი შინაარსით, მაგრამ ეკლესიაში საპროტესტო აქცია არის ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლა. აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა. თუ მათ რამის გამოხატვა უნდათ, ლოცვით უნდა გამოხატონ, სიყვარულით გამოხატონ. მე არავის ვებრძვი, მე მინდა მათი სიკეთე, მე მინდა მათი ოჯახების სიკეთე, მინდა რომ ისინი ღვთის წინაშე ლოცვით დადგნენ და ლოცვა-კურთხევა მიეცეთ, რომ ნორმალურად იმსახურონ ეკლესიაში", - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

თავის მხრივ, განკვეთილი სასულიერო პირები ამბობენ, რომ წაჩხურუს მონასტრის დატოვებას არ აპირებენ.

"ჩვენ გაგდების კი არ გვეშინია. ჩვენ შეგვიძლია დღესაც წავიდეთ. არ გვაქვს პრეტენზია. ჩვენ გვინდა ღვთის წინაშე მათ ფარდა ჩამოვხადოთ. სინათლის წყარო გაჩნდეს ამ ადამიანებში. ამ დისკომფორტს არასდროს არ მოვუხსნით, სულ დისკომფორტში იქნება სტეფანე ამის გამო", - განაცხადა მამა დანიელმა.

წაჩხურუს მონასტერში, სადაც მთავარანგელოზობას აღნიშნავენ, მეუფე სტეფანეს და ჩოხოსნებს შეძახილებით დახვდნენ. ჭყონდიდის მიტროპოლიტმა საკვირაო წირვა პროტესტის ფონზე ჩაატარა.

მარტვილის სალხინოს მონასტრიდან, მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, დილაადრიან პოლიციის დახმარებით გააძევეს ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ განკვეთილი სასულიერო პირები. მანამდე, მათ ჭყონდიდის ეპარქიიდან მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც, როგორც განკვეთილ პირებს, ტაძარი 4 ნოემბრამდე უნდა დაეტოვებინათ.

განკვეთილები არ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და რამდენჯერმე საპროტესტო შეკრებაც გამართეს მონასტერთან.

მარტვილში, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთვრობიდან გაათავისუფლა. მეუფე პეტრე ცაავას მხარდამჭერები უარს ამბობენ დაემორჩილონ საპატრიარქოს მიერ მივლენილ ეპისკოპოსს და ითხოვენ საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებები, რის გამოც ის დაითხოვეს.