ახალი ამბები
გახარიას პარტია საკრებულოებში, სადაც გადამწყვეტი ხმა აქვს, თავმჯდომარის კანდიდატებს დააყენებს
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" მუნიციპალიტეტებში, სადაც გადამწყვეტი ხმა აქვს, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურებს დააყენებს. როგორც პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, კახა ქემოკლიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ასეთ კონფიგურაციაში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან.

მისი სიტყბებით, არჩევნებზე "უპრეცედენტო ზეწოლის, დაშინების და მოსყიდვის მიუხედავად", "საქართველოსთვის" წარმოდგენილია როგორც თბილისის, ასევე ყველა რეგიონის საკრებულოებში,ზოგიერთ შემთხვევაში კი პარტიას გააჩნია ე.წ. გადამწყვეტი ხმა.

პარტიის პოლიტიკურმა მდივანის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი, რათა იმოქმედონ ქვეყნის, თითოეული მუნიციპალიტეტის და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ტიპის კრიზისი მუნიციპალურ საკრებულოებში, რომლებმაც კონტროლი უნდა გაუწიონ ადგილობრივ აღმასრულებელ რგოლს.

"საქართველოსთვის" მოუწოდებს ორივე პოლიტიკურ პარტიას გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რასაც მათ საზოგადოება ნდობისა და მანდატის სახით ანიჭებს.

"მოგეხსენებათ, ჩვენ არჩევნების დასრულებიდან მალევე შევთავაზეთ ორივე პოლიტიკურ პარტიას, ღია და გამჭვირვალე განხილვის გზით, აგვერიდებინა ადგილობრივ დონეზე ნებისმიერი ტიპის კრიზისი. ჩვენ უარი ვთქვით საკრებულოებში თანამდებობებზე და შევთავაზეთ პირველ/მეორე ადგილზე გასულ პარტიებს შეთანხმების გზით, აერჩიათ საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები. ეს იყო შესაძლებლობა თითოეული ამ პარტიისთვის დამდგარიყო ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა და ქვეყნის ინტერესები დაეყენებინა პირველ რიგში, რაც სამწუხაროდ ვერ მოახერხეს.

ჩვენ ვთქვით, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ ჩვენი გეგმის შესაბამისად ვიმოქმედებდით, რომლის მთავარი პრინციპი, რა თქმა უნდა, რომელიმე ერთი პარტიის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციის თავიდან აცილების მიზნით, მოქალაქეების არჩევანის შესაბამისად, საკრებულოებში ძალაუფლების დაბალანსება იყო ყოველთვის.

ამიტომ, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პარტია "საქართველოსთვის" წარმოდგენილია გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებით, ჩვენ ვაყენებთ ჩვენს კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციებზე. ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ამ კონფიგურაციაში ორივე (როგორც "ოცნება", ისე, "ნაციონალური მოძრაობა"), პირველ და მეორე ადგილზე გასული პარტიები დაუჭერენ ჩვენს კანდიდატებს მხარს და თავად ამ პარტიის წარმომადგენლები კი, იქნებიან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები", - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

ცნობისთვის ზუგდიდის ახლადარჩეულ საკრებულოში 22 მანდატით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", 20-ით "ქართული ოცნება", ხოლო 3-ით "საქართველოსთვის" შევიდა.