ახალი ამბები
დისკრიმინაცია დამსაქმებლის მხრიდან წონის, სქესის და ასაკის ნიშნით - შრომის ინსპექციამ 15 ფაქტი გამოავლინა
შრომის ინსპექციის სამსახურმა, მიმდინარე წელს წინასახელშეკრულებო და შრომითი ურთიერთობის დროს დისკრიმინაციული მოპყრობის 15 ფაქტი გამოავლინა. ეს, როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეხებოდა როგორც დაინტერესებული პირის მომართვის, ასევე ინსპექციის ინიციატივის საფუძველზე ვაკანსიის შესახებ განცხადებებით გათვალისწინებული მოთხოვნების, ასევე სამუშაო ადგილზე შევიწროების ფაქტების მოკვლევას.

მათ საჯარო წესით გამოქვეყნებული 100 ვაკანსიის შესახებ განცხადებების მოთხოვნების შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობა შეამოწმეს. შედეგად დადგინდა, რომ დამსაქმებლების მხრიდან ხდება დისკრიმინაცია ასაკის, სქესის, გარეგნობისა თუ სხვა ნიშნით. მაგალითად, ასეთ დარღვევებს წარმოადგენდა შემდეგი შინაარსის ვაკანსიები:

გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე განიხილება "სასიამოვნო გარეგნობის მდედრობითი სქესის" წარმომადგენლის კანდიდატურა.

სამზარეულოს თანამშრომლის პოზიციაზე - მდედრობითი სქესის წარმომადგენლის კანდიდატურა 18-50 წლის ჩათვლით.

ვაკანსია არ ეხებოდა ჭარბწონიან აპლიკანტებს იმ მიზეზით, რომ ისინი მომხმარებლებს ხარისხიან სერვისს ვერ მიაწვდიდნენ.

გაყიდვების კონსულტანტი გოგონა 18-დან 30 წლამდე. და ა.შ.

წინასახელშეკრულებო ეტაპზე დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენა დაეფუძნა შემდეგ გარემოებების შემოწმებას:

პირს, ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთაგან განსხვავებულად ეპყრობიან;

განსხვავებული მოპყრობა პირს ზღუდავს, ან ხელს უშლის შრომითი უფლებებით სარგებლობისას;

არ არსებობს განსხვავებული მოპყრობის კანონით განსაზღვრული, ლეგიტიმური მიზანი;

განსხვავებულ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და იგი დასახული მიზნის არათანაზომიერია.

რაც შეეხება სამუშაო ადგილზე დასაქმებულის შევიწროებასთან დაკავშირებულ საკითხს, შრომის ინსპექციამ დაადგინა დამსაქმებლის არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავდა ღირსების შემლახველი, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გარემოს შექმნას.

აღნიშნული გარემოებების შესწავლის შედეგად, 15-მდე ორგანიზაცია გააფრთხილეს.

"შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციასთან ბრძოლის უპირველესი მიზანია საზოგადოების ყველა წევრს შეექმნას მუშაობისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები. ამრიგად, შრომის ინსპექცია მოუწოდებს დამსაქმებლებს არ დაუშვან დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში, რაც თანაბრად ვრცელდება შრომითი ურთიერთობების ყველა, მათ შორის, ვაკანსიის გამოცხადებისა და კანდიდატის აყვანის ეტაპებზე, რათა უკანონოდ არ შეეზღუდოთ სამუშაოზე წვდომა, ასევე განვითარება ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს.

დამსაქმებლის მიერ დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დაცვა ხელს უწყობს თანასწორი გარემოს შექმნას, რაც დამსაქმებლისა და დასაქმებულის თანაბარ ინტერესს წარმოადგენს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.