ახალი ამბები
შესაძლოა გადაიხედოს კოვიდგადანატილებისთვის მუდმივი ე.წ. „მწვანე სტატუსი“ - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, შესაძლოა გადაიხედოს კორონავირუსგადატანილი პირებისთვის მუდმივი ე.წ. "მწვანე სტატუსის" საკითხი. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ მათი პოზიცია სხვა იყო, თუმცა საკოორდინაციო საბჭომ ხმათა უმრავლესობით სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

ამ გადაწყვეტილებით, "მწვანე სტატუსი" ექნება ადამიანს, რომელმაც ბოლო 6 თვეში კი არ გადაიტანა კორონავირუსი,არამედ ზოგადად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე.

"საბჭომ უმრავლესობით მიიღო ეს გადაწყვეტილება, გარკვეული პერიოდით. ვნახოთ, დავაკვირდებით და შემდგომ შეიძლება გადაიხედოს.

საკოორდინაციო საბჭო გახლავთ ინტერსექტორალური ორგანო, რომელშიც დაახლოებით 25-მდე ადამიანი შედის, სხვადასხვა სექტორისა და მიმართულების წარმომადგენელი. საკითხი, როგორც წესი მიიღება კონსენსუსით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი რამეს იტყვის და ის აუცილებლად უნდა იქნეს მიღებული", - აღნიშნა მან.

ე.წ. მწვანე სტატუსი აქვს პირს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, გადატანილი აქვს ვირუსი, ბოლო 72 საათში ჩაიტარა პისიარ კვლევა, ან ბოლო 24 საათში ანტიგენის სწრაფი ტესტი.

ე.წ, მწვანე პასპორტი 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდება და მის გარეშე სხვადასხვა დაწესებულებაში მოქალაქე ვერ შევა.