ახალი ამბები
ამ დრომდე უცნობია რატომ ჩამოიშალა ჭერი მარტვილის სკოლაში
კომპანია "ჰიდრომშენი", რომელმაც გაარემონტა სოფელ დიდი ჭყონის სკოლა, ერთ-ერთ კლასში ჭერის ნაწილობრივ ჩამოშლის შემდეგ, მომხდარის მიზეზებს სწავლობს.

როგორც კომპანიის დირექტორი, ელგუჯა ტოტოჩია ამბობს, ჭერი დღესვე შეკეთდება და ხელახლა შეისწავლიან შენობის მდგომარეობასაც.

"ახლაც ადგილზე არიან ჩვენი წარმომადგენლები და მუშაობენ",- თქვა მან.

ამ დრომდე უცნობია რა გახდა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის სკოლაში ჭერის ნაწილობრივ ჩამოშლის მიზეზი. შემთხვევა 24 ნოემბერს, მეცხრე კლასში, გეოგრაფიის გაკვეთილზე მოხდა, რომელსაც რესურცენტრის ინფორმაციით, სამი მოსწავლე ესწრებოდა და არცერთი მათგანი არ დაშავებულა.

"ზედამხედვწლობის სამსახურიდანაც იყვნენ. იმყოფებიან კომპანიის წარმომადგენლებიც და მუშაობენ აღდგილზე", - განაცხადა რესურცენტრის ხელმძღვანელმა პაშა გულორდავამ.

მან "ლაივპრესს" განუმარტა, რომ შენობა ახლადგარემონტებულია და მანამდე, რაიმე ტიპის სხვა დაზიანება არ გამოვლენილა.

"ძალიან კარგი გაკეთებული იყო და ჩვენც გაგვიკვირდა ის რაც მოხდა", - თქვა მან.

პაშა გულორდავას ინფორმაციით, 24 და 25 ნოემბერს მეცხრე კლასისთვის გაცდენილი საათები სხვა დღეების ხარჯზე ანაზღაურდება.

კომპანია "ჰიდრომშენი"მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულია. მან სკოლის სრული რეკონსტრუქცია ერთი მილიონ ცხრაასორმოცდაშვიდი ათას ლარად შესრულა.