ახალი ამბები
ანა წითლიძეს საკრებულოს შენობის წინ საპროტესტო წარწერების დატოვების შესაძლებლობა არ მისცეს
საკრებულოს სხდომის პარარელურად, ოპოზიციის საპროტესტო აქცია გრძელდება. ენმ-ის წარმომადგენელ ანა წითლიძეს ჰქონდა მცდელობა შენობის წინ, ტროტუარზე საპროტესტო წარწერების დატოვების, თუმცა პოლიციამ მას ამის საშუალება არ მისცა. ამ ყველაფერს დაპირისპირება მოჰყვა.

ანა წითლიძე ამბობს, რომ მას უნდოდა აქ "მონები და ღორები" დაეწერა. მისივე თქმით, სხდომიდან გამოძევებისას მან თითი იტკინა და მოტეხილი აქვს.

მანამდე ოპოზიციის წარმომადგენლებს სხდომათა დარბაზი, სადაც 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ, სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ოპოზიცია შეეცადა სხდომა ჩაეშალა, რომელიც მათივე განმარტებით, უკანონოდ გეგმავს იმ ფინანსური დოკუმენტის მიღებას, რომელზეც პასუხისმგებლობა ახალმა საკრებულომ უნდა აიღოს.

ანა წითლიძის განმარტებით, ახლადფორმირებული საკრებულოს პირობებში მმართველ პარტიას არ აქვს უმრავლესობა და პროექტის ორჯერ ჩავარდნის შემთხვევაში, მერის და საკრებულოს ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ადგილობრივი ხელისუფლების მიზანი სწორედ ამ პროცესის თავიდან არიდებაა.

საპროტესტო აქცია გრძელდება სხდომის პარარელურად.

ზუგდიდის საკრებულოს მანამდე ნოემბრის თვეში ბიუჯეტი არასდროს დაუმტკიცებია. ძირითადად მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დეკემბრის ბოლოს იღებდნენ.

ბრალდებებს მმართველი გუნდი უარყოფს. ირწმუნებიან, რომ ისინი ბიუჯეტს პროექტს განიხილავენ გრაფიკის მიხედვით და სხვა არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 46 მილიონ 500 ათასი ლარითაა განსაზღვრული.