ახალი ამბები
არასწორია, რომ მიზანმიმართულად გავაჭიანურეთ პირველი სხდომების დანიშვნა - ცესკო
ცენტრალური საარჩევნო კომისია ეხმაურება ოპოზიციის და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მათ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, საკრებულოების პირველი სხდომების თარიღის გაჭიანურებასთან დაკავშირებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არასწორია ცესკოს და საკრებულოების საქმიანობის ერთმანეთთან დაკავშირება.

ცესკო განმარტავს,რომ საკუთარ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელია. 25 ნოემბრის სხდომას, სადაც გადაწყდა საკრებულოების პირველი სხდომების 3 დეკემბერს გამართვა, 15 კომისიის წევრი ესწრებოდა (17-დან) და განკარგულებას მხარი დაუჭირა კომისიის 14-მა წევრმა. ცესკოს არც ერთ წევრს შენიშვნა და მოსაზრება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თქმით არ გამოუთქვამს.

"ხაზგასმით არის აღსანიშნავი, რომ კომისიამ ყველა საკანონმდებლო ვადა ზედმიწევნით სკულპულოზურად და რა თქმა უნდა, რაციონალურად გაითვალისწინა, რაც მოიაზრებს მაგალითად შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების ვადის ამოწურვის პერიოდს, შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაციის ძალაში შესვლის ეტაპებს, პირველი სხდომების პროცედურული ორგანიზებისთვის საჭირო დროს, ასევე ახლად არჩეული მერების უფლებამოსილებაში შესვლის ვადებს; თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო კოდექსით გაწერილი ვადების ფარგლებში, ბევრად ადრე მოიწვია საკრებულოების პირველი სხდომები, მაშინ როდესაც კანონმდებლობით ამისთვის კომისიას არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 30 დღიანი ვადა აქვს განსაზღვრული.

ზოგიერთი პოლიტიკოსის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან დღეს ცესკოს მიმართ სწორედ ზემოთ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში გავრცელდა მიკერძოებული და არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს ცესკომ მიზანმიმართულად გააჭიანურა პირველი სხდომების დანიშვნა. ცესკოს წინააღმდეგ მიმართული აღნიშნული განცხადებები, შეიძლება ითქვას, რომ კამპანიური ხასიათისაც და ძირითადად ერთნაირი შინაარსის გზავნილებით გამოირჩეოდა. მათ შორის იყო ცესკოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილის განცხადებაც, რომ თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. ასეთი შეფასება, როცა ინსტიტუციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს მანამდე არ ჰქონია არანაირი ინიციატივა საკრებულოების პირველი სხდომების თარიღთან დაკავშირებით, ხოლო უშუალოდ 25 ნოემბრის სხდომაზე მან და მისმა სხვა კოლეგებმა შენიშვნის და განსხვავებული აზრის გარეშე მხარი დაუჭირეს სხდომების 3 დეკემბერს დანიშვნას, უხერხულია და ტოვებს პოლიტიკურად მოტივირებული პოზიციის შთაბეჭდილებას.

ცენტრალური საარჩევნო კომისია არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მუშაობს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და მისი საქმიანობის ხელოვნურად სხვა ინსტიტუციების გადაწყვეტილებებთან დაკავშირება ჩვენი აზრით, ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციის და მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაციას", - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

ზუგდიდსა და ბათუმში, მომავალი წლის ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულოებმა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დაამტკიცეს. ოპოზიციის თქმით, "ვადაგასულმა" საკრებულომ უკანონოდ მიიღო მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომელზეც პასუხისმგებლობა ახალ საკრებულოს უნდა აეღო.

თავის მხრივ, ზუგდიდში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ბიუჯეტის ნაჩქარევად დამტკიცება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რათა პროექტი ახალ საკრებულოს არ ჩაეგდო და მუნიციპალიტეტი კრიზისში არ შეეყვანა.