ახალი ამბები
სასამართლოში წავიღებთ ზუგდიდის და ბათუმის ბიუჯეტების დამტკიცებას ვადაგასული საკრებულოების“ მიერ - ენმ
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი, ზუგდიდსა და ბათუმში, "ვადაგასული საკრებულოების" მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებას, ხელისუფლების მიტაცებად აფასებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეებს ისინი სასამართლოებში წაიღებენ ოპოზიციონერ საპარლამენტო კოლეგებთან ერთად.

მისი თქმით არგუმენტი, რომ ძველ საკრებულოებს უნარჩუნდებათ უფლებამოსილება ახალი საკრებულოების შეკრებამდე, არის არარელევანტური, ვინაიდან ეს ნორმა მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა საკრებულოს არჩევნების გადავადება, ან ბათილად გამოცხადება, და რომ არ შექმნილიყო საკანონმდებლო ვაკუმი, ძველ საკრებულოებს ექნებოდათ ეს უფლებამოსილება.

"იქ, სადაც არ აქვს "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა, "ვადაგასულ" საკრებულოებს დაამტკიცებინეს ბიუჯეტები, რაც თავისი არსით არის ძალაუფლების მიტაცება და ახალი მანდატის საკრებულოებისთვის სამომავლო საქმიანობაში განზრახ ხელის შეშლა. სახეზე გვაქვს შეთანხმებული მოქმედება "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბისა და ცენტრალური საარჩევო კომისიის და ამ პროცესში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კიდევ ერთხელ შეასრულა არჩევნების შედეგების გამყალბებლის მთავარი როლი, ვინაიდან განზრახ და მიზანმიმარულად გააჭიანურა ახალი საკრებულოების სხდომის მოწვევის თარიღი, მაშინ, როცა არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ შეჯამებული იყო 13 ნოემბერს და შესაძლებელი იყო აქამდე დანიშნულიყო ახალი საკრებულოების სხდომის მოწვევის თარიღი და მათ განეხორციელებინათ საბიუჯეტო უფლებამოსილება. ვადაგასული საკრებულოების მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცება ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განსაზღვრული თვითმმართველობის ორგანიზების წარმომადგენლობითობისა და ექსკლუზიურობის პრინციპებს, ვინაიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის საკრებულოს ექსკლუზიური უფლებამოსილება და მათ შორის, ახლად არჩეული საკრებულოსი, განსაზღვროს შემდგომი 4 წლის განმავლობაში საბიუჯეტო პოლიტიკა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ზუგდიდსა და ბათუმში, მომავალი წლის ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულოებმა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დაამტკიცეს. ოპოზიციის თქმით, "ვადაგასულმა" საკრებულომ უკანონოდ მიიღო მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომელზეც პასუხისმგებლობა ახალ საკრებულოს უნდა აეღო.

თავის მხრივ, ზუგდიდში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ბიუჯეტის ნაჩქარევად დამტკიცება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რათა პროექტი ახალ საკრებულოს არ ჩაეგდო და მუნიციპალიტეტი კრიზისში არ შეეყვანა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოეხმაურა ოპოზიციის და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მათ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, საკრებულოების პირველი სხდომების თარიღის გაჭიანურებასთან დაკავშირებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არასწორია ცესკოს და საკრებულოების საქმიანობის ერთმანეთთან დაკავშირება.