ახალი ამბები
ზუგდიდში დევნილები შიმშილობენ, ერთმა პირი ამოიკერა [ფოტო]
ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში კარავია მოწყობილი, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 4 პირი შიმშილობს. ერთ-ერთს, 63 წლის ქეთევან ინალიშვილს პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი. აქციის მონაწილეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას ახალი ბინის მიღების მოთხოვნით მიმართეს. მათი თქმით, უკვე მეთერთმეტე დღეა შიმშილობენ და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან არანაირი ყურადღება არ ყოფილა.

მოშიმშილეები ამბობენ, რომ 30 წელია ახალი ბინის მოლოდინში ნგრევად და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში, ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობენ.

"ლაივპრესთან" საუბარში გალიდან დევნილი ჯემალ ბაძაღუა ამბობს, რომ არაერთხელ დაჰპირდნენ დევნილთა სამინისტროდან, რომ მათ, როგორც მძიმე პირობებში მყოფებს ახალი ფართით დააკმაყოფილებდნენ, თუმცა ამჯერადაც იმედგაცრუებული დარჩნენ.

"აწვიმს ამ შენობას, გაუსაძლისი პირობებია. მე თვითონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვარ და მაინც ვერ მივიღე ბინისთვის საჭირო ქულა", - ამბობს დევნილი.

მოშიმშილეების განმარტებით, ისინი შეხვდნენ სამინისტროს სპეციალურ კომისიას, თუმცა მათ განუმარტეს, რომ ამჯერად დაკმაყოფილდა გაცილებით მძიმე პირობებში, ნგრევად ობიექტებში მცხოვრებნი.

აქციის მონაწილეების თქმით, თავადაც სიცოცხლის საფრთხის პირობებში უწევთ ყოფმა და მათ მიმართ სამინისტრომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. მოშიმშილეები ამბობენ, რომ ახალი ბინის მიღებამდე პროტესტს არ შეწყვეტენ.

დევნილების ინფორმაციით, შენობაში ჯამში 15 ოჯახი ცხოვრობდა. აქედან 3 ახალი ფართით მანამდე, ორი კი, განსახლების ამ ეტაპზე დააკმაყოფილეს ბინით.

რამდენიმე დღის წინ, ბარამიას ქუჩაზე ბინა 600-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო.