ახალი ამბები
სამეგრელოს რეგიონში 3 პირი დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-ტარების ბრალდებით
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯამში დაკავებულია 10 პირი.

მათგან 3 სამეგრელო-ზემო სვანეთში.

კერძოდ, ერთი პირი სამართალდამცველებმა მარტვილის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მდებარე ხის სათავსოდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 83 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ამას გარდა, მესტიაში ორი მოქალაქე დააკავეს. ერთ შემთხვევაში, ავტომანქანის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, შაშხანა, 1 მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა.

მეორე შემთხვევაში კი, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, 23 საბრძოლო ვაზნა და შაშხანაა ამოღებული.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ჩამოთვლილ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.