ახალი ამბები
ილია მეორე პატრიარქ კირილს მადლობას უხდის ოკუპირებული რეგიონების მიმართ დამოკიდებულებისთვის
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაბადების დღეს ულოცავს რუსეთის პატრიარქ კირილს. წერილს რუსეთის საპატრიარქო აქვეყნებს. მასში ილია მეორე მადლობას უხდის პატრიარქ კირილს, რომ ის და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, პოლიტიკური ინტერესების მიუხედავად, საეკლესიო კანონების თანახმად, ოფიციალურად აღიარებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელ ნაწილად.

საქართველოს პატრიარქი რუსეთის პატრიარქს მადლობას უხდის კიდევ იმის გამო, რომ პატრიარქ კირილის ჩართულობით, გათავისუფლდნენ დროებითი "საზღვრის" დარღვევის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეები.

"რა თქმა უნდა, კვლავ არსებობს გადაუჭრელი რთული საკითხები, რომლებიც პრობლემებს ქმნიან, მაგრამ არსებობს უკეთესი მომავლის იმედი და ჩვენი კეთილგანწყობა თქვენდამი გულწრფელია", - ნათქვამია წერილში.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის" ეპარქიის ხელმძღვანელი ბესარიონ აპლია "აფხაზეთის მართმადიდებლური ეკლესიის" სტატუსის გადაწყვეტას ქართული ეკლესიის მიღმა ითხოვს. მას იმედი აქვს, რომ საკითხს რუსეთის პატრიარქი გადაწყვეტს. სასულიერო პირის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აფხაზეთი არ იყოს ასოცირებული საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან. თუმცა რუსეთის საპატრიარქო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად მიიჩნევს ამ რეგიონებს.

საქართველოს საპატრიარქოში იმედი აქვთ, რომ რუსეთის ეკლესია არ დაუშვებს აფხაზეთის ე.წ. მიტროპოლიის აღიარებას.