ახალი ამბები
დღეს ზუგდიდის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება
დღეს, 3 დეკემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართება, რომელსაც ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი გახსნის. შემდეგ კი მას უხუცესი წევრი, სავარაუდოდ დეპუტატი კონსტანტინე უბერი გაუძღვება.

საკრებულოს პირველი სხდომა პროცედურულ საკითხებს დაეთმობა. უნდა აირჩეს საკრებულოს სამანდატო და ხმის დამთვლელი დროებითი კომისიები, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები.

დღის წესრიგით გათვალისწინებულია ფრაქციების და კომისიების დაფუძნება, მათი წევრების განსაზღვრა.

ზუგდიდის მეხუთე მოწვევის საკრებულოში 22 მანდატით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", 20-ით "ქართული ოცნება", ხოლო 3-ით "საქართველოსთვის" შევიდა. ასეთი შემადგენლობით საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების არჩევისას, შესაძლოა გადამწყვეტი გახდეს ერთი დეპუტატის ხმაც.

22 ნოემბერს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის" განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტებში, სადაც გადამწყვეტი ხმა აქვს, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურებს დააყენებს.

როგორც პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, კახა ქემოკლიძემ განაცხადა, ასეთ კონფიგურაციაში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს არანაკლებ 3 წევრს.

თუ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები.