ახალი ამბები
"ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2021-ის“ გამარჯვებული 10 დეკემბერს გამოვლინდება
ცნობილია "ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია 2021 - ადამიანის უფლებებისთვის" ნომინანტების ვინაობა. განაცხადების მიღება უკვე დასრულდა. შედეგად, ათი ნომინანტიდან ერთ-ერთი, ამ პრემიას 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს მიიღებს.

ნომინანტები არიან:

ნათია ჭანკვეტაძე - წარმდგენი ქეთი მურუსიძე. ის 2012 წლიდან მუშაობს კონფლიქტების ანალიზისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით.

ირინე ჯიქია - წარმდგენი ლია როგავა. ირინე 1982 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. 1993 წელს ჩამოყალიბდა ორგანიზაცია "ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" და იყო რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

მარიამ ნარმანია - წარმდგენი ელინა კიკორია. მარიამი სამოქალაქო აქტივისტია, "ერთად კეთილდღეობისთვის, ერთად ერთმანეთისთვის" ორგანიზაციის დამფუძნებელი, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთ სხვადასხვა ფორმით ეხმარება.

ნანა გოგოხია - წარმდგენი ნინო თოდუა, ნინა ბაჯელიძე და ნინო გოგოხია. ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველია. წლებია მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს.

ხათუნა გოგუა - წარმდგენი ზუგდიდის სოფელ ინგირის საბავშვო ბაღი "წითელქუდა". ხათუნა არასამთავრობო ორგანიზაცია "აფხაზეთი ჩემის" თავმჯდომარეა.

ირა ძირკვაძე - წარმდგენი ირაკლი ყურუა, მარიამ ტაკიძე და გიორგი მურვანიძე. ირა მასწავლებელია. ის ეკომიგრანტია და 2002 წლიდან წალკაში ცხოვრობს.

რუსუდან ყალიჩავა - წარმდგენი ACT FOR TRANSFORMATION’S CAUCASUS OFFICE. რუსუდან ყალიჩავა ასოციაცია "ათინათის" გამგეობის თავმჯდომარეა.

არზუ გეიბულლა - წარმდგენი ედიტა ბადასიანი. არზუ აზერბაიჯანელი აქტივისტი და მიმომხილველია.

მარინა ელბაქიძე - წარმდგენი საზოგადოებრივი ორგანიზაცია "საუნჯე". მარინა ელბაქიძე დაახლოებით 20 წელია ჩართულია ქართულ-აფხაზური სამშვიდობო დიალოგის პროცესში, რომელსაც მხარს უჭერს ბრიტანული ორგანიზაცია შერიგების რესურსები.

ლია ჩლაჩიძე - წარმდგენი მარინა ფოჩხუა, ქალთა ასოციაცია "თანხმობას" დამფუძნებელი. ლია ჩლაჩიძე არის არასამთავრობო ორგანიზაცია "რეაბილიტაციისა და განვითარების ცენტრის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. კოალიცია "ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის" წევრი, ასოციაცია "თანხმობის" ერგნეთის საინტეგრაციო ცენტრის კოორდინატორი და სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც კონფლიქტების კუთხით მუშაობს.

ბერტა ფონ ზუტნერის პრემია 2019 წელს საინიციატივო ჯგუფმა "ნდობა მშვიდობისთვის", ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დააარსა.

პირველი გამარჯვებული, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის თავმჯდომარე ნინო კალანდარიშვილი გახდა, შარშან კი ამ ნომინაციაში დევნილ ქალთა ასოციაცია "თანხმობის" თავმჯდომარე იულია ხარაშვილმა გაიმარჯვა.

ბერტა ფონ ზუტნერი პირველი ქალია, რომელიც ალფრედ ნობელის პრემიის ლაურეატი 1905 წელს გახდა. ავსტრიელი მწერალი სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელ დედოფალთან, ეკატერინე ჭავჭავაძესთან მეგობრობდა და ხუთი წლის მანძილზე ზუგდიდში ცხოვრობდა.