ახალი ამბები
შრომის ინსპექცია განცხადებას ავრცელებს „მწვანე სტატუსის“ არმქონეთა ტესტირებაზე რესტორნების მიერ
შრომის ინსპექცია კვების ობიექტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, საზოგადოებრივი კვების ობიექტების მხრიდან მიმდინარე დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვისაც არ აქვს "მწვანე სტატუსი", რესტორანში დაშვებამდე უშუალოდ ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ამ პირთა სწრაფ ტესტირებას, რის შემდგომაც მოხდება მომხმარებლის ობიექტზე დაშვება და შესაბამისი სერვისის მიწოდება.

შრომის ინსპექცია განმარტავს და მოუწოდებს შესაბამის ბიზნეს სუბიექტებს, არ გამოიყენონ სერვისის შეთავაზების მსგავსი მეთოდი, რადგან კოვიდ ტესტის აღებაზე უფლებამოსილება, მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და ნებართვის მქონე პირს/ლაბორატორიას აქვს და მსგავსი ტესტირების უზრუნველყოფა არ შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი პირის მიერ.

საქართველოში "მწვანე პასპორტი" 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედდა. მოქალაქეს მწვანე სტატუსი აქვს იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:

არის სრულად ვაქცინირებული;

გადატანილი აქვს კორონავირუსი და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;

ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის პისიარ ტესტი;

ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;

მოქალაქეები "მწვანე პასპორტით" შესვლას შეძლებენ შემდეგ დაწესებულებებში: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები, კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული), კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, ოპერა, გასართობი ობიექტები, სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები, სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები, სამთო კურორტების საბაგიროები.