ახალი ამბები
ზუგდიდში აქციის მონაწილეები იკრიბებიან [ფოტო]
ამ წუთებში ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის წინ აქციის მონაწილეები იკრიბებიან. "წადი თქვენით", "მირანდა მესხმა მოპარა ერს ხმა", "ნახვაწები და ბოცები, აღვირახსნილი ქოცები", ამ შინაარსის ტრანსფარანტებით და მერის და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ფოტოებით ხელში აპროტესტებს ოპოზიცია პოლიტიკურ მოვლენებს, რაც ზუგდიდში განვითარდა.

ენმ-ის წარმომადგენელ ანა წითლიძის განცხადებით, ზუგდიდის ახლადფორმირებული საკრებულო ვერ ირჩეს თავმჯდომარეს, ეს კი ნიშნავს პარალიზებულ წარმომადგენლობით ორგანოს, პარალიზებული საკრებულო კი ნიშნავს იმას, რომ ვერც ზუგდიდის მერი ახორციელებს სრულყოფილად უფლებამოსილებას. ამ ყველაფერში ანა წითლიძე მმართველ პარტიას ადანაშაულებს და ამბობს, რომ კრიზისი სწორედ "ქართულმა ოცნებამ" შექმნა.

მისივე თქმით, მამუკა წოწერია მშვიდად ვერ იჯდება კაბინეტში.

თავის მხრივ, საკრებულოს მოქმედი წევრი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე წინა მოწვევის საკრებულოში, თაზო ფაცაცია წერს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დაკავებულია მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის შექმნით, რომ ვერ მოხდეს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა. იგივე სურდათ ბიუჯეტთან დაკავშირებითაც - 2022 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის ჩაგდება.

"ნაციონალური მოძრაობა" თავისი ქმედებებით ამტკიცებს, რომ სურს მუნიციპალიტეტის განვითარების შეფერხება. მათი ერთადერთი მიზანი გისოსებში მყოფი ბელადის ნაკარნახევი ნარატივის შესრულებაა", - აცხადებს თაზო ფაცაცია.

3 დეკემბრის სხდომაზე, ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარე ქვორუმის არარსებობის გამო ვერ აირჩიეს. საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, სხდომა ჯერ ენმ-მ, შემდეგ კი გახარიას პარტიის წევრებმა დატოვეს.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ თეიმურაზ ბასილაიას მისი თქმით, კენჭისყრის პროცედურებში აღარ აპირებენ მონაწილეობის მიღებას, რადგან მთელი საარჩევნო კამპანია "სპეცოპერაცია" იყო და დღეს ეს ყველაფერი "აბსურდის სცენარია".

გახარიას პარტიის წარმომადგენლების თქმით, კი, ორივე პარტიამ უარი თქვა მათ შეთანხმებაზე, ამიტომ მიიღეს სხდომის დატოვების გადაწყვეტილება.

მანამდე სამანდატო კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდიამ განაცხადა, რომ თუ სხდომას გახარიას პარტიის წარმომადგენლებიც დატოვებდნენ, და თუ ვერც მომდევნო სხომაზე ვერ აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს და თანამდებობის პირებს, ეს მუნიციპალიტეტის კრიზისისთვის გაწირვას ნიშნავს, რასაც არ დაუშვებენ.