ახალი ამბები
ანა წითლიძე მერთან შეხვედრას ითხოვს
ენმ-ის წარმომადგენელი ანა წითლიძე მამუკა წოწერიასთან ითხოვს შეხვედრას რამდენიმე მოქალაქესთან და მედიასთან ერთად. ამბობს, რომ ქალაქი პოლიტიკურ კრიზისშია, რომელიც მმართველმა პარტიამ შექმნა. სწორედ ამიტომ სურს "არჩეულ მერთან" საუბარი. მისივე თქმით, მამუკა წოწერია არა ხალხის, არამედ სუსის მიერაა არჩეული სინამდვილეში, რომელსაც ამ რაოდენობის სამართალდამცველების მობილიზება სჭირდება თავის დასაცავად.

"მე ვხედავ, რომ აქ დგას პოლიციის უფროსი, რომელიც პირადად მონაწილეობდა მოშიმშილე ზუგდიდელების გამოთრევაში. ყველაზე ცუდი ამ ყველაფერში აი რა არის - ამათ აცდენენ ახლა იმისთვის, რომ "ნახვაწა" დაიცვან. მე მაქვს სრული უფლება, შევიდე ადმინისტრაციულ შენობაში ალბათ შუამავალი ისევ პოლიცია უნდა იყოს, რადგან პირად დაცვად არის ქცეული ზუგდიდის მერის, ვაპირებ რამდენიმე მოქალაქესთან ერთად, რომლებიც აქ საკრებულოს არჩეულ წევრებთან ერთად დგანან, და ჟურნალისტებთან ერთად ავიდე მერის ოთახში და დაველაპარაკოთ მას", - განაცხადა ანა წითლიძემ.

თავის მხრივ, სამართალდამცველებმა უთხრეს მას, რომ მედიასთან ერთად შეძლებს ის მამუკა წოწერიასთან შეხვედრას. რაც შეეხება საკრებულოს წევრებს, მათ აქ ვერ შეუშვებენ და წარმომადგენლობით ორგანოს მიმართონ.

წითლიძის თქმით, საკრებულოს წევრებს აქვთ შესვლის უფლება. საბოლოოდ, ანა წითლიძემ აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ როგორც განუმარტეს, მერი მზადაა მასთან შესახვედრად.

შეკრებილებმა მერიის წინ, ტროტუარზე, ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს.

აქციის მონაწილეები რჩებიან მერიის შენობასთან საპროტესტო ტრანსფარანტებით ხელში. მათი თქმით, პოლიტიკური კრიზისი სწორედ მმართველმა პარტიამ შექმნა, საკრებულოს თავმჯდომარეს ვერ ირჩევენ, ამ პირობებში კი მერი, მამუკა წოწერია, კაბინეტში მშვიდად ვერ იჯდება.

3 დეკემბრის სხდომაზე, ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარე ქვორუმის არარსებობის გამო ვერ აირჩიეს. საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, სხდომა ჯერ ენმ-მ, შემდეგ კი გახარიას პარტიის წევრებმა დატოვეს.