ახალი ამბები
საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას კანდიდატებს მხარს დავუჭერთ - ნიკა მელია
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზად არის, ოპოზიციის საერთო გამარჯვებისთვის საკრებულოების თავმჯდომარეებად მხარი გახარიას გუნდის კანდიდატებს დაუჭიროს,  - ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.

მხარდაჭერის სანაცვლოდ, საკუთარ პირობას აყენებს და ამბობს, რომ ყველა საკვანძო პოზიცია ოპოზიციის დეპუტატებმა უნდა დაიკავონ.

"ჩვენ ერთმანეთი მოგვწონს თუ არა, მე ვფიქრობ, რომ გახარიას პარტიასთან არაფერი გვაქვს საერთო და არც გვექნება, მაგრამ ამომრჩეველმა ასე გადაწყვიტა, რომ უმრავლესობა მანდატების მიანიჭა ოპოზიციას, იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ მინიმუმ ფული აღარ მოიპაროს. ეს არის დაკვეთა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პრაგმატულია, ჩვენთვის მისაღებია, რომ ისინი იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარეები, ჩვენ დავუჭერთ მხარს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ძალიან კარგად გვესმოდეს, რომ საკრებულო, როგორც ასეთი, ვგულისხმობ პოზიციებს, იყოს ოპოზიციური.

იქ, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე იქნება ოპოზიციონერი, და ხმათა უმრავლესობითაა წარმოდგენილი, ყველა მნიშვნელოვანი პოზიცია და არა თანამდებობა, უნდა ეკავოს ოპოზიციას, ჩვენ თანამდებობა არ გვჭირდება. კომისიებში, მაგალითად, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე უნდა იყოს ოპოზიციონერი და ყველა საკვანძო პოზიცია უნდა ეკავოთ ოპოზიციონერებს, რატომ? - იმიტომ რომ ასე ჩათვალეს ამ ქალაქებში მაცხივრებელმა ადამიანებმა"- განაცხადა ნიკა მელიამ.