ახალი ამბები
ენმ-მ საკრებულოს სხდომის დატოვებით გადადგა კრიზისისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი - „ოცნების“ დეპუტატი
ზუგდიდის საკრებულოს დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს იმაში, რომ უკვე მეორე სხდომაა ვერ ირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს. განუცხადა მან ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც ქვორუმის არარსებობის გამო, წარმომადგენლობითი ორგანოს შეკრება ისევ ერთი კვირით გადაიდო.

სანდრო სორდიას თქმით, პროცესი ვერ მივიდა კანდიდატების დასახელებამდე და კენჭისყრამდე, რადგან ენმ გარკვეული პროცედურული საკითხების შემდგომ, ტოვებს სხდომათა დარბაზს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ დატოვა სხდომათა დარბაზი და გადადგა კრიზისისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი. ანუ შექმნა საფუძველი იმის, რომ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებაც კი ვერ შეძლონ პოლიტიკურმა ძალებმა", - განმარტა სანდრო სორდიამ.

მანვე მოუწოდა ყველა პასუხისმგებლიან საკრებულოს წევრს და პოლიტიკურ სუბიექტს, არ შეუწყონ ხელი კრიზისის შექმნას.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც თავმჯდომარე უნდა აერჩიათ, ისევ გადაიდო. "ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომა დატოვა. 

სხდომას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ესწრებოდა "ოცნების" ერთი წევრი მამუკა ყურაშვილი.

სხდომა გახარიას პარტიის წარმომადგენლებს დღეს არ დაუტოვებიათ.

ენმ თავის მხრივ მმართველ გუნდს ადანაშაულებს პოლიტიკური კრიზისის შექმნაში. პარტიის წარმომადგენელ თეიმურაზ ბასილაიას თქმით, "ოცნებამ" მათ მანდატი წაართვა, რის გამოც დღეს ასეთ ჩიხში აღმოჩნდნენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა თავმჯდომარის არჩევა გასულ კვირასაც ქვორუმის არარსებობის გამო ვერ შეძლეს, რადგან სხდომა ენმ-ის დეპუტატებმა დატოვეს. ამის შემდეგ, იგივე გადაწყვეტილება ექსპრემიერის გუნდის, "გახარია-საქართველოსთვის" წევრებმა მიიღეს.