ახალი ამბები
სადაც ვერ მოინახება გამოსავალი, იქ იქნება საკრებულოს არჩევნები - სოზარ სუბარი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარის განცხადებით, იმ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში, სადაც ვერ ირჩევენ თავმჯდომარეს, თუ კრიზის გაგრძელდა და ვერ გამოინახა გამოსავალი, ხელახალი არჩევნები იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, პირველი იანვრიდან ახლად არჩეულ მერებს, მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ, დაიწყონ იმ პროგრამების განხორციელება, რომლებიც ბიუჯეტში არის ჩადებული და რაზეც დაპირებები გაიცა.

მისივე თქმით, საკრებულოებში ბიუჯეტები დამტკიცებულია და ეს პროცესი ვერ შექმნის მომავალი წლის საქმიანობის დაწყებაში პრობლემებს.

"რაც შეეხება ლოკალურ კრიზისებს, ასეთი ლოკალური კრიზისები არის და იმედია, მონახავენ გამოსავალს. სადაც ვერ მოინახება გამოსავალი, იქ იქნება საკრებულოს არჩევნები", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მიზანია დესტრუქციაა. შესაბამისად, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მუშაობაში ხელი შეუშალონ თვითმმართველობებს, ცენტრალურ ხელისუფლებებს. თუმცა, აღნიშნა, რომ და საბედნიეროდ, ისინი ამას ვერ აღწევენ. თუმცა, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში შეიძლება მცირე პრობლემები შექმნან.

"პრობლემებს ვერ შექმნიან ისევ და ისევ იმის გამო, რომ დამტკიცებულია ბიუჯეტები. ამასობაში, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში გამოიკვეთა თანამშრომლობა "ნაციონალურ მოძრაობასა" და გახარიას შორის და ვულოცავ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს ერთმანეთთან ურთიერთობაში", - განმარტა მან.

უკვე მეორე სხდომაა ზუგდიდის, სენაკის და წალენჯიხის საკრებულოებში, სადაც წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელ პირს ვერ ირჩევენ.