ახალი ამბები
პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივაა, საკრებულოს თავმჯდომარეები ღია კენჭისყრაზე აირჩიონ
ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" გამოდის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის საკრებულოებში თანამდებობის პირების არჩევა მოხდეს ღია კენჭისყრით და არა ფარულად. პარტიის წევრებმა შესაბამისი ჩანაწერით კანონპროექტი პარლამენტში დაარეგისტრირეს. "საქართველოსთვის" მოითხოვს დაჩქარებული წესით განიხილონ მათი კანონპროექტი, ვინაიდან საკრებულოებში თანამდებობების განაწილება სწორედ ახლა მიმდინარეობს.

როგორც პარლამენტარმა ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, საკრებულოებში თანამდებობის პირების დანიშვნების დროს "ქართული ოცნება" ცდილობს, ზეწოლითა და ფარულობის მოტივით გადაიბიროს ოპოზიციის წევრები. ეს ინივიატივა კი ამ პროცესს გამოააშკარავებს და გამორიცხავს პარტიების მხრიდან სპეკულაციებსაც.

"იმისთვის, რომ ერთის მხრივ სააშკარაოზე გამოვიდეს ოცნების უკანონობა და მეორეს მხრივ, სხვადასხვა პარტიის მიერ სპეკულაციები გამოირიცხოს, გაიზარდოს მათი საქმიანობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი, საპარლამენტო გუნდმა დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ღია კენჭისყრით. მათ შორის, როდესაც ეს გადაწყვეტილება ეხება პირის თანამდებობიდან გადაყენებას, არჩევას, თუ უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტას", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებით დაკომპლექტებული ახალი მოწვევის საკრებულოების ნაწილში, კვორუმის არ ქონის გამო ვერ აირჩიეს საკრებულოს თავმჯდმარეები და მათი მოადგილეები. ჩხოროწყუს საკრებულოში კი სადაც უმრავლესობით, 15 დეპუტატით ოპოზიციაა წარმოდგენილი, "ქართული ოცნების" კანდიდატმა დააგროვა ერთით მეტი ხმა. აღმოჩნდა, რომ მას ოპოიციიდანაც დაუჭირეს მხარი, რაც უკმაყოფილების და პროტესტის მიზეზი გახდა. მმართველ გუნდს ჩხოროწყუს საკრებულოში 12 დეპუტატი ჰყავს, თუმცა კენჭიყრაზე მისმა კანდიდატმა 13 ხმა მიიღო, ასარჩევად კი 14 ხმა იყო საჭირო.