ახალი ამბები
ეს საკითხი დადგება იმდენჯერ კენჭისყრაზე, სანამ თავმჯდომარეზე ვერ შეთანხმდებიან - ვახუშტი მენაბდე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, რომელიც ჩხოროწყუს საკრებულოს დღევანდელ სხდომას ესწრებოდა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, წარმომადგენლობით ორგანოს შეუძლია გამართოს სხდომა მანამ, სანამ არ აირჩევს თავმჯდომარეს. მისივე განმარტებით, სხდომების ჩატარება დამოკიდებულია საკრებულოს გადაწყვეტილებაზე, თავმჯდომარის არჩევა კი ნომერ პირველი საკითხია.

"ჩვენ აქ (ჩხოროწყუში) ისეთი სიტუაცია გვაქვს, რომ საკრებულო ვერ ირჩევს თავმჯდომარეს. შესაბამისად ვერ გადადის შემდეგ საკითხზე. ამიტომ, ეს საკითხი დადგება იმდენჯერ კენჭისყრაზე, სანამ საკრებულოს თავმჯდომარეზე ვერ შეთანხმდებიან. კანონში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის ვადა არ არის განსაზღვრული. მხარეებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას. შემდეგ უკვე, თუ ბიუჯეტს ვერ დაამტკიცებენ, [2023 წლის ბიუჯეტს, რადგან 2022 წლის ბიუჯეტი წინა მოწვევის საკრებულომ მიიღო] სხვა პროცედურებია გათვალისწინებული. იმ შემთხვევაში თუ 6 თვის განმავლობაში საერთოდ ვერ შეიკრიბა საკრებულო და ქვორუმი არ შედგა, ანუ 6 თვის განმავლობაში თუ სხდომა არ გაიხსნა საერთოდ, მას უწყდება უფლებამოსილება", - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

საკრებულოს თავმჯდომარე ჩოროწყუში ვერც მესამე მცდელობაზე აირჩიეს.

"ლელოს" და ენმ-ის შემდეგ, სხდომა მმართველმა პარტიამაც დატოვა. ქვორუმის არარსებობის გამო კი, სხდომა გადაიდო გაურკვეველი ვადით.

მოგვიანებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა განაცხადეს, რომ სხდომის გადადება პროცედურული დარღვევებით მოხდა, ვინაიდან ისინი სხდომის განახლების შესახებ არ დაუუწყებიათ.

"საქართველოსთვის" პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა გიგა ფარულავამ, შექმნილ ვითარებაში ენმ და მმართველი პარტია დაადანაშაულა და მათ ქმედებას უპასუხისმგებლო უწოდა.

მანამდე, ჩატარდა კენჭისყრა, სადაც მხოლოდ მმართველი გუნდი და "საქართველოსთვის" მონაწილეობდნენ. 19-დან 7 ბიულეტენი გაბათილდა. შედეგად, "ოცნების" წარმომადგენელ ჯუმბერ იზორიას კანდიდატურა ჩავარდა თავმჯდომარის პოზიციაზე.

ჩხოროწყუს საკრებულომ გასულ კვირას, ვერც მეორე სხდომაზე შეძლო თავმჯდომარის არჩევა. სხდომაზე ორი კანდიდატი იყო წარდგენილი. პარტია "საქართველოსთვის" შოთა წურწუმია და "ქართული ოცნებიდან" ჯუმბერ იზორია. ოპოზიციის მიერ ღიად გამოცხადებული მხარდაჭერის მიუხედავად, შოთა წურწუმიამ - 12 ხმა მიიღო, ჯუმბერ იზორიამ -13. ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა.

საკრებულოების თავმჯდომარეები არც ზუგდიდში, წალენჯიხასა და სენაკში აურჩევიათ ჯერჯერობით.